“დალას მავერიკსმა” გენერალური მენეჯერი, ნიკო ჰარისონი გაათავისუფლა. ის პასუხისმგებელი იყო ლუკა დონჩიჩის “ლოს-ანჯელეს ლეიკერსში” გაცვლაზე გასულ თებერვალში - გარიგებაზე, რომელმაც შეცვალა NBA-ის ძალათა ბალანსი და “მავერიკსი” ფინალებში მოთამაშე გუნდიდან, აუტსაიდერ ფრენჩაიზად აქცია.
“მავერიქსის” მმართველმა პატრიკ დიუმონმა ხელი მოაწერა 52 წლის ყოფილი Nike-ის ხელმძღვანელის გათავისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ ჰარისონს კონტრაქტით კიდევ ორი წელი ჰქონდა დარჩენილი. გუნდის სეზონის დასაწყისი კრიტიკას ვერ უძლებს, რადგან დალასი ამჟამად დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილზეა 3 გამარჯვებითა და 8 მარცხით. გუნდი NBA-ში 29-ე ადგილს იკავებს ქულათა რაოდენობით. ეს კი უჩვეულო მდგომარეობაა იმ კლუბისთვის, რომელიც დონჩიჩის ეპოქაში ექვსი სეზონიდან ოთხში ტოპ 10 შეტევით გუნდებს შორის იყო.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 თებერვალს “ლეიკერსიდან” მიღებული პაკეტის მთავარი ნაწილი იყო ენტონი დევისი. მიუხედავად იმისა, რომ დევისი დონჩიჩზე ექვსი წლით უფროსია და ტრავმების უფრო გრძელი ისტორია აქვს, ჰარისონი იცავდა საკუთარ გადაწყვეტილებას, მიუხედავად გულშემატკივრების მასობრივი კრიტიკისა.
გარიგების შემდეგ დალასში გულშემატკივრებმა პროტესტი მოაწყვეს American Airlines Center-ის წინ. არენაში კი სკანდირებდნენ „Fire Nico!“ („გაათავისუფლეთ ნიკო!“). სკანდირება გაგრძელდა მაშინაც კი, როცა “მავერიქსმა” NBA-ის დრაფტის ლატარიის მოგებით პირველი არჩევანი მოიპოვა და კუპერ ფლეგი აირჩია.
ჰარისონის წასვლის შემდეგ, დალასს დარჩა მხოლოდ ერთ ვარსკვლავზე, კუპერ ფლეგზე აგებული გუნდი, თუმცა 2027-2030 წლების საკუთარი პირველი რაუნდის პიკები აღარ გააჩნია, რადგან ჰარისონმა ისინი სხვადასხვა გაცვლებში დახარჯა.
მისი ნაბიჯები თავდაპირველად მუშაობდა - “დალასი” 2024 წელს NBA ფინალამდე მიიყვანა, მაგრამ დონჩიჩის გაცვლამ ყველაფერი შეცვალა.




























