მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამაგროვებელი ბატარეები რომ გვქონდეს, შესაძლოა, სისტემა უფრო სწრაფად აღდგენილიყო - ენერგეტიკოსი დენის გათიშვაზე

გადამცემი ხაზი

ენერგეტიკოსების შეფასებით, 24 ივლისის ღამეს ელექტროენერგიის მასშტაბურმა გათიშვამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ საქართველოს ენერგოსისტემა დამატებით გაძლიერებას საჭიროებს.

როგორც BMG-სთან ენერგეტიკის რეგულირების ექსპერტმა, მიშა ოდიშარიამ განაცხადა, ჯერჯერობით რთულია დასკვნის გაკეთება, რამ განაპირობა ენერგოსისტემაში მასშტაბური ავარია.

თუმცა მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, ერთგვარი დაზღვევის მექანიზმი შეიძლება იყოს როგორც ახალი რეზერვუარიანი ჰესები, ასევე დამაგროვებელი ბატარეების ინფრასტრუქტურა, რაც ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს.

“ე.წ. აფხაზეთის სამინისტრომ განაცხადა, რომ [ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის] გამომწვევი მიზეზი ენგურჰესი იყო. არ შეიძლება ასეთი განცხადებები გაკეთდეს, იმიტომ რომ ჩვენ რეალურად არ ვიცით, რა იყო საწყისი წერტილი. შეიძლება სულ სხვა კვანძში ყოფილიყო ავარია და შეიძლება იმ ავარიამ გამოიწვია შემდეგ თუნდაც ენგურის გათიშვა, ან სხვა გენერაციის ობიექტის გათიშვა.

ამიტომ, ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ ელექტროსისტემის ოფიციალურ განცხადებას, რა იყო რეალურად მიზეზი, რადგან ძალიან რთულია ახლა რაღაცის თქმა.

ერთადერთი, ჩვენ რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, თუ რა არის ჩვენი სისტემის პრობლემა. პატარა სისტემა ვართ ენერგეტიკულად, გვაქვს ძალიან დიდი გენერაციის ობიექტი. ენგურჰესი არის დაახლოებით 1300 მეგავატი, ჩვენი [ელექტროენერგიის] მოხმარება პიკში არის დაახლოებით 2200 მეგავატი. ეს ციფრები ერთმანეთთან ახლოსაა. რაღაც თუ ამ სადგურზე ხდება [ენგურჰესზე], რეალურად მე ვერ წარმომიდგენია, რა დაცვა უნდა ჰქონდეს სისტემას, რომ გადააზღვიოს. შეუძლებელია ასეთი რაღაც.

აქ შეიძლება ვთქვათ ის, რომ მეორე ენგურჰესის ტიპის ჰესი თუ გვექნება, პროექტები, რაც გვაქვს დასავლეთში, ხუდონი და ა.შ, ის უნდა აშენდეს ალბათ და ამით უნდა გადავაზღვიოთ. მაგალითად, ქსანის ქვესადგურში დამაგროვებელი ბატარეები რომ შენდება, [ის რომ ახლა იყოს], შეიძლება მას “წაეშველებინა” ხელი დისპეტჩერისთვის ასეთ მომენტში, ან უფრო სწრაფად აღედგინა სისტემა. ძაბვა თუ მოგვაწოდეს აზერბაიჯანის მხრიდან, ამაზე სწრაფად შეიძლება დამაგროვებელ ბატარეას თავისი წვლილი ეთამაშა”, - განაცხადა მიშა ოდიშარიამ.

ცნობისთვის, 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება ავარიულად გაითიშა. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები მალევე დაიწყო და დაახლოებით ერთ საათში ელექტროენერგია მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ნაწილს და თბილისის დიდ ნაწილს მიეწოდებოდა. ამ დრომდე უცნობია ქვეყანაში ელექტროენერგიის ავარიული გათიშვის ზუსტი მიზეზი. ამ დროისთვის საქართველოს მასშტაბით ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. ამასთან, სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები