2024 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი შემცირდა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 688 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით, ანუ 96 მილიონი დოლარით ნაკლებია.
IT სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ გლობალურ და ადგილობრივ ბაზრებზე არსებული არასტაბილურობა დარგზე ნეგატიურად აისახება. როგორც კომპანია „ნექსუსში“ BMG-სთან განაცხადეს, არასტაბილური გარემოს ფონზე, როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივი კომპანიების მხრიდან შეკვეთების რაოდენობა შემცირებულია.
თუმცა კომპანიაში ამბობენ, რომ დაბალანსებას ისეთი ბაზრების ხარჯზე ცდილობენ, როგორიც საუდის არაბეთი და უზბეკეთია, სადაც IT სერვისებზე მოთხოვნა არ შემცირებულა.
„IT სექტორში ფინანსური პროდუქტების და ელექტრონული კომერციის მიმართულებით ვმუშაობთ. საქართველოში საკმაოდ ამბიციური გეგმები გვქონოდა, თუმცა თებერვალი-მარტის განმავლობაში იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა დამკვეთმა დროებით შეაჩერა თავისი გეგმების განხორციელება, მოგვიწია ჩვენი თანამშრომლების დაახლოებით 70%-ის გადაყვანა უფრო პასიურ რეჟიმში. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გამოწვეულია იმ არაპროგნოზირებადი და არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობით, რაც დღეს საქართველოში ხდება. დამკვეთების მხრიდან შემდგომი განვითარების პროცესი შეჩერებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამუშაო ჩვენც გვიმცირდება.
ტენდენციები დღეს გაურკვეველია, არამარტო საქართველოში, პარტნიორებს, ვისაც ველაპარაკებით მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, თითქმის ყველგან გაურკვევლობაა მათ შორის, ტრამპის მოსვლასთან დაკავშირებითაც. არსებული კლიენტები გაფართოების გეგმებს აპაუზებენ და არ აგრძელებენ ამ ეტაპზე, ელოდებიან სიტუაციის დასტაბილურებას.
რაც შეეხება უცხოეთს, აშშ-სა და ევროპაში ჩვენ გარკვეული მოლაპარაკებები გვქონდა სხვადასხვა კომპანიებთან, თუმცა თამამი და დიდი პროექტები იქაც შეჩერებულია. კარგია, რომ შარშან სრულიად სპონტანურად დავიწყეთ გაფართოება საუდის არაბეთში და უზბეკეთში, სადაც არ შეინიშნება არასტაბილურობა. ამიტომ აქტიურად ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით აქტიურად განვვითარდეთ. ვცდილობთ, რომ ჩვენს გეგმებს არ ჩამოვრჩეთ და ამ ბაზრებზე მოვახდინოთ ყველაფრის კომპენსირება“, - განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა აკაკი კვანტალიანმა.




























