აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აფასებს და ხაზს უსვამს, რომ დამკვირვებლების ანგარიშები შემაშფოთებელია.
ამერიკელი სენატორი აღნიშნავს, რომ გააგრძელებს პოსტსაარჩევნო გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მუშაობას შესაბამისი რეაგირების განსაზღვრისთვის აშშ-საქართველოს ურთიერთობაში.
ბენ კარდინი წინასაარჩევნო პერიოდსაც აფასებს და ამბობს, რომ ის დააზიანა "რუსული კანონის" ამოქმედებამ და მმართველი პარტიის მხრიდან ოპონენტებზე მუქარამ.
"საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების ანგარიშები როგორც შემაშფოთებელი, ისე იმედგამაცრუებელია და ცხადყოფს, რომ საქართველოში არჩევნების დღე დაზიანდა ძალადობით, დაშინებით, საარჩევნო უბნებიდან აკრედიტებული დამკვირვებლების გაძევებით და პროცედურების არათანმიმდევრული გამოყენებით.
ეს მოჰყვება წინასაარჩევნო პერიოდს, რომელიც დააზიანა ე.წ. „გამჭვირვალობისა და უცხოური გავლენის შესახებ კანონის“ ამოქმედებამ, რომელიც ძირს უთხრის გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებას. მმართველი პარტიის მნიშვნელოვანი ფიგურების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების მუქარასთან ერთად, ამ ქმედებებმა დიდი ჩრდილი მიაყენა საქართველოში დემოკრატიულ პროცესს.
საქართველოს ევროპელმა და ამერიკელმა მეგობრებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ დემოკრატიული უკუსვლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მისწრაფებებს ისეთ დასავლურ ინსტიტუტებში ღრმა ინტეგრაციისკენ, როგორიცაა ევროკავშირი და NATO - მისწრაფებები, რომლებსაც ყველა ვიზიარებთ. გავაგრძელებ პოსტსაარჩევნო გარემოს მჭიდრო მონიტორინგს და ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციასთან მუშაობას, რათა განისაზღვროს შესაბამისი რეაგირება აშშ-საქართველოს ურთიერთობაში",- აცხადებს ბენ კარდინი.