მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი - კონსტიტუციის 78-ე მუხლი“ პოლიტიკურ პარტიებს საჯარო სამსახურის რეფორმირების შესახებ ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებს

კონსტიტუციის 78-ე მუხლი
29.07.25 10:00
898

„ვინაიდან ვაცნობიერებთ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულების დიდ ნაწილს გაუჭირდება თამამი ნაბიჯების გადადგმა სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხარდაჭერის გარეშე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ჩამოაყალიბონ ერთიანი ხედვა საჯარო სამსახურის რეფორმირებისა და საჯარო მოსამსახურეთა გარანტიების თაობაზე - ასეთია საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის წერილის საპასუხოდ გავრცელებული განცხადება, რომლითაც გაერთიანება ოპოზიციურ პარტიებს საერთო ხედვის შემუშავებას სთხოვს.

„გვსურს გამოვეხმაუროთ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის საჯარო წერილს, რომლის ადრესატები გათავისუფლებული საჯარო მოსამსახურეები არიან.

პირველ რიგში, გვინდა კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა მისი, როგორც პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ, რომელსაც უდიდეს დანაკარგთან შეგუება სრულ იზოლაციაში უწევს და ვუსურვოთ მხნეობა მას, როგორც ადამიანს, რომელმაც დაკარგა მშობელი და როგორც პოლიტიკოსს, რომელსაც წინ კიდევ ხანგრძლივი ბრძოლა ელის.

რაც შეეხება მის წერილში გაჟღერებულ რამდენიმე მოსაზრებას, იმის მიუხედავად, იყო თუ არა ის გამიზნული, უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო დამაკნინებელი და შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, როგორც რეპრესირებული საჯარო მოსამსახურეების, ასევე საჯარო სამსახურში ჯერ კიდევ დარჩენილი პროფესიონალების მიმართ, რომლებსაც პრაქტიკულად, მტრულ გარემოში უწევთ საქმიანობა სწორედ მათი უკომპრომისობის გამო.

წერილში განვითარებული მოსაზრება, რომ პეტიციაზე ხელმომწერ საჯარო მოსამსახურეებს, შესაძლოა, არც კი ჰქონდათ გააზრებული ამ ხელმოწერის შედეგები და არც სჯეროდათ ბოლომდე, რომ რეჟიმი ამას სადამსჯელო ქმედებებით უპასუხებდა, მცდარი და უსამართლოა ასობით ადამიანის მიმართ, რომლებმაც ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ აღარ დამალა თავისი ზრახვები საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ, შეგნებულად, მოსალოდნელი რეპრესიების სრული გაცნობიერებით, ამჯერად უკვე ერთობლივად დაიცვეს ის, რასაც წლების განმავლობაში სიტყვით და საქმით ისედაც ემსახურებოდნენ.

ათასამდე საჯარო მოსამსახურე არა შემთხვევითი „ლაიქის“, „შეარის“ ან პეტიციაზე გაუცნობიერებელი ხელმოწერის გამო, არამედ იმ ერთიანი ძალის დემონსტრირების გამო აღმოვჩნდით რეპრესირებულთა სიაში, რომლის მოსალოდნელი შედეგების ასე შეეშინდა „ქართულ ოცნებას“. მათ შეძლეს სამაგალითო სადამსჯელო ღონისძიებებით ჩაეკლათ კიდევ ბევრი საჯარო მოსამსახურის ხმა, რომლებსაც დღეს სჭირდებათ ადამიანური და პოლიტიკური მხარდაჭერა და რწმენა იმისა, რომ მათი უფლებები დაცული იქნება.

ადამიანის სინდისი და წესიერება ვერ გაიზომება იმ საზომით, რასაც ზურაბ ჯაფარიძე მოიაზრებს მის წერილში. მსგავსი შეფასებები საჯარო მოსამსახურეებს კიდევ უფრო უზრდის დაუცველობის განცდას და უძლიერებს შიშს, რომ ისინი ორმაგი დევნის ობიექტები არიან. მეორე საკითხია, რამდენად გამართლებულია შიში ამ ვითარებაში, მით უმეტეს მაშინ, როცა ისტორიას ამაზე პასუხი მრავალჯერ აქვს გაცემული. დიახ, ყველას მიადგებიან, ამიტომაც, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის შექმნის იდეაც რამდენიმე ამოცანას ისახავდა: გაგვეძლიერებინა რეპრესირებული საჯარო მოსამსახურეები მათი უფლებების დაცვისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით; დაგვეცვა სამსახურში შევიწროებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლნი; ქუჩაში გაგვეგრძელებინა ბრძოლა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, რასაც დაუნანებლად შევწირეთ კარიერა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელთა და წევრთა ნაწილი დღემდე მოქმედი საჯარო მოსამსახურეა, რომლის ყოველდღიურ რუტინად, ძირითად საქმიანობასთან ერთად იქცა პროტესტში აქტიური მონაწილეობა.

ვინაიდან ვაცნობიერებთ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულების დიდ ნაწილს გაუჭირდება თამამი ნაბიჯების გადადგმა სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკოსების მხარდაჭერის გარეშე, მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ჩამოაყალიბონ ერთიანი ხედვა საჯარო სამსახურის რეფორმირებისა და საჯარო მოსამსახურეთა გარანტიების თაობაზე. სწორი ხედვის დეკლარირება, შესაძლოა, ნამდვილად იქცეს საჯარო მოსამსახურეთა მკვეთრი პოზიციისა და ნაბიჯების საფუძველად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები