საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის თავის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებები გაიმართება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. როგორც მთავრობის მეთაურმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ჯამში 200-მდე ღონისძიებაა დაგეგმილი.
პრემირმა ზეიმის სათანადოდ აღნიშვნაში მონაწილეობისკენ მოუწოდა როგორც კერძო სექტორს, ასევე საზოგადოებას.
„წელს მოგეხსენებათ 100 წელი სრულდება პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან და ეს არის უდიდესი დღესასწაული, რომელიც მთელმა ქვეყანამ ერთად უნდა ვიზეიმოთ. ჩვენ ვგეგმავთ მასშტაბური პროგრამის განხორციელებას როგორც საქართველოს რეგიონებში, ასევე სხვადასხვა ქვეყანაში, რომელშიც ჩართული იქნება ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის საელჩოები. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ თარიღის აღნიშვნაში კერძო სექტორიც შემოგვიერთდა და მინდა მოვუწოდო მათ რომ უფრო ფართოდ მიიღონ მონაწილეობა ამ ზეიმის სათანადოდ აღნიშვნაში.
საზეიმო განწყობა საქართველოს ყველა რეგიონში უნდა იგერძნობოდეს და მე მინდა ვთხოვო ჩვენს ხალხს, რომ დღეიდან მოყოლებული განსაკუთრებულად მოვულოცოთ ერთმანეთს 26 მაისის დღესაწაული, ისევე როგორც ჩვენ საყოველთაოდ ვულოცავთ ერთმანეთს იმ დღესასწაულებს რაც არის ტრადიციაში. წელს ჩვენ ზუსტად 17:10-წუთზე, იმ დროს როცა 1918 წელს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, ყველამ ერთად შევკრათ სუნთქვა და ერთად ვიზეიმოთ ეს უდიდესი დღესასწაული, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლად გამოცხადების 100 წლის თავს უკავშირდება.
მთლიანობაში დაახლოებით ორი ასეული ღონიასძიებები დაგეგმილია და განრიგს ჩვენს მოსახლეობას მივაწვდით.“ - განაცხადა კვირიკაშვილმა.

























