საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები "ყაზბეგის" საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს, ტურისტებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს, შესაძლებლობა ექნებათ, დაათვალიერონ საინტერესო საგამოფენო სივრცეები, სადაც წარმოდგენილი იქნება უნიკალური ისტორიული და საარქივო ფოტო მასალა. საინფორმაციო სტენდების საშუალებით, გაიზიარონ ცოდნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განთავსებულ ხუროთმოძღვრების ძეგლების, გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების, სხვადასხვა საინტერესო ფაქტისა და მოვლენის შესახებ.
გარდა ამისა, ადგილზე ადგილობრივი ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება, ასევე, "გააზიარე ცოდნა", კამპანიის ფარგლებში, წარმოდგენილი იქნებიან ქართველი მეწარმეები, რომლებიც მოსულ სტუმრებს გაუზიარებენ საკუთარ სამეწარმეო გამოცდილებას.
საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმუშავებს ლიტერატურული კაფე. სპეციალურად მოწყობილი სივრცე, ანიმატორები, საბავშვო შემეცნებითი გასართობი პროგრამა ელით საზეიმო ღონისძიებაზე მოსულ ყველაზე პატარა სტუმრებს.

























