"შრომის უსაფრთხოების შესახებ” კანონს დაქვემდებარებულ კომპანიებში დამსაქმებელი ვალდებული იქნება, თანამშრომელი უბედური შემთხვევის დაზღვევით უზრუნველყოს.
როგორც „საქმის კურსს“ ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელზა ჯგერენაიამ განუცხადა, აღნიშნული სახის სადაზღვევო პროდუქტი საქართველოს ბაზარზე რამდენიმე კომპანიას უკვე აქვს.
"რა თქმა უნდა, საკუთარი ხარჯებით უნდა დააზღვიონ დამსაქმებლებმა დასაქმებულები უბედური შემთხვევის გამო. ასევე კანონი ითვალისწინებს კომპენსაციას ზიანის ანაზღაურებისთვის“, - აღნიშნა ჯგერენაიამ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონი პირველი მოსმენით უკვე მიიღო. ამ ეტაპზე დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოში შექმნილ სამუშაო ჯგუფში განიხილება. მომდევნო შეხვედრა აგვისტოს დასაწყისში იგეგმება.

























