საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის იურისტის ნიკა აბუთიძის აზრით, მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ახალი კანონი, მისი მიღების შემთხვევაში, საბოლოო პროდუქციას გააძვირებს, მცირე მეწარმეებს კი, ფინანსურ ტვირთს დაუმძიმებს.
ამ ვარაუდის არგუმენტად იურისტმა BM.GE-ისთან საუბრისას კანონპროექტით შემოთავაზებული რამდენიმე სიახლე მოიყვანა, მათ შორის ჩანაწერი, რომლის თანახმად, მომხმარებელს, პროდუქციის შეძენიდან ორი კვირის ვადაში, მისი უკან დაბრუნება შეეძლება, თუნდაც მარტივი მიზეზით - თუ სახლში მიტანისას ჩათვალა, რომ აღარ მოსწონს. აღსანიშნავია, რომ ეს ეხება დისტანციურ და სავაჭრო ობიექტს გარეთ დადებული ხელშეკრულებით შეძენილ პროდუქციას.
"რას გულისხმობს ეს ორკვირიანი ვადა - ამ ვადაში მომხმარებელს უფლება აქვს დააბრუნოს შეძენილი პროდუქცია, ხოლო მოვაჭრე, ან პირი რომელმაც მოახდინა პროდუქციის რელიზაცია, ვალდებულია - მიიღოს ისე, რომ მას არ აქვს რაიმე ზიანის მოთხოვნის შესაძლებლობა მომხმარებლისათვის, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს დაამძიმებს განსაკუთრებით მცირე ბიზნესის მდგომარეობას, რადგან ეს პროდუქტი უკვე მეორად პროდუქტად ჩაითვლება, თუნდაც ორკვირიანი გამოყენების შემთხვევაში. მცირე მეწარმე ვეღარ გაყიდის მას, როგორც ახალ პროდუქტს და გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ამ პროდუქტს შესაძლოა, ნაკლი არ ჰქონდეს, იმიტომ რომ კანონმდებელმა მომხმარებელს უფლება მიანიჭა, რომ დასაბუთების გარეშე დააბრუნოს და უბრალოდ შეიძლება თქვას, რომ აღარ მოსწონს ეს პროდუქტი. ვფიქრობ, ასევე ეს რეგულაცია გამოიწვევს მომხმარებლის გაზარმაცებას, რადგან ისინი ნაკლებ ყურადღებას გამოიჩენენ პროდუქციის არჩევის დროს.
აქვე შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო კოდექსის დანიშნულებაც შეიძინა ამ კანონმა, რადგან პირდაპირ ეხება ხელშეკრულების დადების ფორმას, ხელშეკრულებიდან გასვლის ფორმას, რაც ვფიქრობ, რომ სამოქალაქო კოდექსის რეგულირების საგანია", - განაცხადა იურისტმა.
რაც შეეხება პროდუქციის გაძვირების რისკებს, ნიკა აბუთიძის განმარტებით, ამას სხვადასხვა პროდუქციით მოვაჭრეთა ვალდებულებები განაპირობებს.
"რა გავლენას ველოდებით მცირე საწარმოებზე - ვფიქრობთ, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს პროდუქციის ღირებულების ზრდას, რადგან მოვაჭრემ ხელშეკრულების დადების წინ მომხმარებელს უნდა გააცნოს მთელი რიგი ინფორმაცია, მათ შორის საკუთარი თავის შესახებ და სხვა მონაცემები პროდუქციის შესახებ, რაც გაუადვილებს შემდეგ მომხმარებელს გასაჩივრების და უკან დაბრუნების პროცედურებს, ანუ ამ ყველაფრის მიზანია, რომ პირველი - ინფორმირება მოახდინოს მომხმარებლის და მომხმარებელს ადვილად შეეძლოს თავისი უფლებების დაცვა. ეს იმდენად რთული მექანიზმია, რომ ეს აუცილებლად გამოიწვევს ხარჯებს და იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის უკან მობრუნება მოხდება, ეს არის მეწარმისთვის დანაკარგი, რადგან ის ვერ გაყიდის მას, როგორც ახალ პროდუქციას და შეიძლება, თვითღირებულებაზე ნაკლებ ფასადაც კი მოუხდეს მისი რეალიზაცია", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის: "მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ" კანონპროექტის ავტორები პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფი და საქართველოს კონკურენციის სააგენტო არიან. კანონპროექტის მიზანი მომხმარებლის უფლებების დარღვევის პრევენცია და დარღვეული უფლებების აღდგენის სამართლებრივი მექანიზმის შექმნა.
ამ მიზნების მისაღწევად, 2020 წელს კონკურენციის სააგენტოში ახალი სტრუქტურული ერთეული იქმნება, რომელიც პასუხისმგებელი იქნება კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე.
როგორც განმარტებით ბარათში წერია, ამ ახალი სტრუქტურული ერთეულის მუშაობა სახელმწიფო ბიუჯეტს 630 ათასი ლარი დაუჯდება, მათ შორის შრომის ანაზღაურებისთვის - 520 000 ლარი, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის კი 110 000 ლარი გამოიყოფა. სტრუქტურაში 20 ადამიანი დასაქმდება. რაც შეეხება შემდგომ - 2021-2022 წლებს, დეპარტამენტის ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება წელიწადში საშუალოდ 550 000 ლარი (დააკლდება მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისთვის საჭირო ხარჯი).
კანონპროექტი ითვალისწინებს კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებებს მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის შემთხვევაში.
კერძოდ, კონკურენციის სააგენტო, განცხადებლის საფუძველზე, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესაძლო ფაქტს შეისწავლის. როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, საქმის შესწავლის შედეგად, მომხმარებლის უფლებების დარღვევის ფაქტის დადგენის შემთხვევაში, სააგენტო მოვაჭრეს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას დარღვეული უფლების აღსადგენად ან/და მოსთხოვს, დადგენილ ვადაში, დარღვევად მიჩნეული ან/და ამ კანონით აკრძალული ქმედების შეწყვეტას. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადაწყვეტილების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს. ასევე, დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მოვაჭრეს დაეკისრება უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა.

























