16 იანვარს, 14:30 საათზე საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციაში გაიხსნება დუალური პროფესიული სწავლების ხუთდღიანი ტრენინგი ბიზნეს სექტორისა და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლებისთვის, სახელწოდებით - „სკოლა, როგორც სწავლის ადგილი“ და „საწარმო, როგორც სწავლის ადგილი “.
ორგამიზაციაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი მასშტაბის ღონისძიება დუალური პროფესიული განათლების მიმართულებით უპრეცედენტოა, რადგან მასში მონაწილეობს ბიზნეს სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, მთავრობა და საერთაშორისო ორგანიზაციები. მთავრობის მიერ წარდგენილი 4-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება პროფესიული განათლების რეფორმაა, რომელიც გულისხმობს ეკონომიკის გაძლიერებასა და შრომის ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული განათლების სისტემის ჩამოყალიბებას.
"განათლების რეფორმის პირველი ბლოკი წარმოადგენს მიდგომას, რომელიც დამსაქმებელთან ერთად სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პარტნიორობის მოდელზე აგებულ აგებულ განათლების სისტემას ნიშნავს, რაც შედეგად მეტ კვალიფიციურ, კონკურენტუნარიან პროფესიონალს და მეტ დასაქმებულს გულისხმობს ქვეყანაში. აღნიშნულ რეფორმასთან სრულ თანხვედრაშია დაანონსებული ტრენინგის მიზნები. მეტიც, დამსაქმებელთა ასოციაცია კონკრეტული ღონისძიებების გატარების შედეგად პროფესიული განათლების დუალური მოდელის დანერგვას წევრ კომპანიებში იწყებს.
კერძოდ, ტრენინგი მიზნად ისახავს, მონაწილეებმა მიიღონ შესაბამისი ცოდნა თავიანთ სამუშაო ადგილებზე (სკოლა, კოლეჯი, საწარმო) დუალური განათლების პროცესების წარმართვის შესაბამისად გარემოს მოწყობისთვის. ამასთან, გადამზადებული ინსტრუქტორები უნდა გაუძღვნენ დუალური განათლების პროცესებს სამუშო ადგილზე, იყვნენ ორიენტირებული საჭიროებებზე და მაღალკვალიფიციურ დონეზე უხელმძღვანელონ ტრენინგებს კომპანიებში. მნიშვნელოვანია, რომ მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას დუალური პროფესიული განათლების გერმანული პრაქტიკის შესახებ ქართულ სისტემასთან პარალელურ და შედარებით რეჟიმში. ღონისძიებას გახსნიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსი ირინა წეროძე და გერმანელი ექსპერტი დირკ რონეკე. ტრენინგები პროფესიული განათლებისა და სწავლების პროექტის ფარგლებში იმართება, რომელიც გერმანიის ხელისუფლების მხრიდან ფინანსდება და მას საქართველოში 2016 წლიდან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში შრომის ბაზრის განვითარებაა",- აცხადებენ კომპანიაში.

























