12 აპრილს, 10:00 საათზე, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა (ILO) და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიხსნება კონფერენცია თემაზე - „შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა - ახალი რეალობა და გამოწვევები“, რომლის ფარგლებშიც დაინტერესებული მხარეები იმსჯელებენ. კერძოდ, ILO, ჯანდაცვის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ბიზნეს ომბუდსმენი და კონკრეტული ბიზნეს სუბიექტები იმსჯელებენ ქვეყანაში იმ გამოწვევების შესახებ, რომელიც ახალი კანონპროექტის დამტკიცებას მოჰყვება.
კონფერენციის მიზანია, მხარეების მიერ პოზიციების გამოხატვისა და შეჯერების შედეგად ბიზნეს სექტორმა დაიწყოს მუშაობა შრომის უსაფრთხოების კანონის აღსრულების მექანიზმის შემუშავების პროცესში წარადგინოს საკუთრი პოზიცია. კერძოდ, შრომის უსაფრთხოების შესახებ ახალი კანონის მიხედვით უახლოეს სამ თვეში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობით უნდა შემუშავდეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები მისი აღსრულების უზრუნველსაყოფად, რისთვისაც ამ თემით დაინტერესებულ მხარეებს შორის უახლოეს პერიოდში დაიწყება საკმაოდ მძიმე მოლაპარაკებების პროცესი. დაგეგმილი კონფერენცია და მის შედეგად შემუშავებული დოკუმენტი აღნიშნული პროცესის დასაწყისია.
ამრიგად, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია, როგორც ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი ორგანიზაცია უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან/ექსპერტებთან ერთობლივი მუშაობით უკეთესი პოლიტიკური პოზიციონირების ჩამოყალიბებაზე იწყებს მუშაობას კანონის აღსრულების მექანიზმის შემუშავების კუთხით.
კონფერენცია საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის საკონფერენციო დაბაზში გაიხსნება.