მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დამტკიცდა ADB-ის კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების $250-მილიონიანი პროექტი, რომლის ბენეფიციარი საქართველოცაა

adb

კლიმატის მწვანე ფონდის მმართველი საბჭოს სხდომაზე აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ წარდგენილი რეგიონული პროექტი დამტკიცდა, რომლის ბენეფიციარიც, რეგიონის სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოც იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტის დაფინანსება, კლიმატის მწვანე ფონდის მხრიდან, 250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. პროექტის მიზანია კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შემცირება, მათ შორის, მყინვარების დნობის გავლენის შეფასება და წყლის რესურსების მდგრადი მართვა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის სექტორზე ზემოქმედების შემცირებას.

პროექტი ასევე ითვალისწინებს კლიმატგონივრული პრაქტიკების დანერგვას ირიგაციისა და დრენაჟის სისტემებში. საქართველოსთვის დასაფინანსებელი კონკრეტული აქტივობები საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განისაზღვრება.

კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მმართველი საბჭოს 43-ე სხდომა კორეის რესპუბლიკაში, ქალაქ სონგდოში გაიმართა. სხდომის ფარგლებში დამტკიცდა სხვა პროექტებიც, რომლებიც მიზნად კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის ღონისძიებების მხარდაჭერას ისახავს. სხდომაში მონაწილეობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო თანდილაშვილმა მიიღო, რომელიც ფონდის მმართველი საბჭოს წევრია მეორე ვადით.

"თანამედროვე საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის განვითარება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა როგორც აზიის განვითარების ბანკთან, ასევე კლიმატის მწვანე ფონდთან", - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.

კლიმატის მწვანე ფონდი (Green Climate Fund, GCF) წარმოადგენს საერთაშორისო ფინანსურ მექანიზმს, რომელიც 2010 წელს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში შეიქმნა. ფონდის წევრი კონვენციის 197 მხარეა; მისი მიზანია განვითარებად ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის ღონისძიებების მხარდაჭერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები