"ეკონომიკის სამინისტროში დანამატების გაცემის არსებული პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს შრომის ანაზღაურების სათანადო გამჭვირვალობას, ვინაიდან ბრძანებები ზოგადია და არ არის სათანადოდ დასაბუთებული", - აცხადებს აუდიტის სამსახური. ეკონომიკის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ სისტემის თანამშრომლებზე "შრომის ანაზღაურების" მუხლით 26 მილიონ 365 ათასი ლარი გაიცა, საიდანაც 15% ( 3 მილიონ 926 ათასი ლარი ) დანამატი იყო.
"დანამატის გაცემის შემთხვევაში, ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებული სამუშაოს შესრულების სათანადო დამადასტურებელი დოკუმენტების შედგენა ორგანიზაციაში არ ხდებოდა", - აღნიშნულია ანგარიშში.
აუდიტის სამსახური ერთ საკითხზეც ამახვილებს ყურადღებას, - ესაა უწყებაში საშტატო რიცხოვნობის არასწორი დაგეგმვა. აუდიტის აზრით, ეს საშუალებას იძლევა დარჩენილი ფული, საბოლოოდ პრემიების და დანამატების სახით იქნას გამოყენებული, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს კარგ პრაქტიკად. ანგარიშში კონკრეტული უწყებებიცაა დასახელებული, სადაც ფაქტიურად უფრო ნაკლები ადამიანი მუშაობს, ვიდრე საშტატო ნუსხითაა დამტკიცებული. კერძოდ, ქონების ეროვნულ სააგენტოში 11%-ით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში 28%-ით, სტანდარტებისა და მეტროლოგიის სააგენტოში 17%-ით, ხოლო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში 70%-ით.
მთლიანობაში, ეკონომიკის სამინისტროს სტრუქტურებში ფაქტიურად დასაქმებულთა რაოდენობა 27%-ით ჩამორჩება, საშტატო განრიგით წინასწარ დამტკიცებულ ოდენობას.