მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დანაშაულებრივმა ჯგუფმა 151 მლნ ლარის ფიქტიური ოპერაციებით 20.3 მილიონის ყალბი დღგ-ს აქტივი შექმნა - გამოძიება

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობა გახსნა, რომელმაც ფიქტიური ფინანსური ოპერაციებით განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 20.3 მილიონი ლარის ყალბი დღგ-ის აქტივი შექმნა. უწყების ინფორმაციით, სამმა ბრალდებულმა არარსებული კომპანიები ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ პირზე დაარეგისტრირეს, რის შემდეგაც ამ კომპანიებს შორის ჯართით და მეტალურგიული ნაწარმით მიმდინარეობდა ვაჭრობა. პროკურატურამ მათ ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინა.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, დიდი ოდენობით, მოტყუებით, ქონებრივი დაზიანების ფაქტზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის სამი წევრი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, დანაშაულის შენიღბვის მიზნით, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებზე დაარეგისტრირეს კომპანიები და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, ურთიერთშორის გაწერეს 151 მილიონი ლარის ღირებულების რკინის კონსტრუქციები და ჯართი, რა გზითაც შექმნეს დღგ-ს ყალბი აქტივი - ჯამში 20 336 923 ლარის ოდენობით.

ბრალდებულების მფლობელობაში არსებული ერთ-ერთი კომპანიის მიერ ჩათვლილ იქნა დღგ - ჯამში 563 353 ლარის ოდენობით, რომელიც სრულად გამოიყენეს მიმდინარე საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის სრული ოდენობის დადგენისა და დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების მხილების მიზნით,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები