მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დანაშაულის აღიარება და ზიანის ანაზღაურება - რა შემთხვევაში გაუფორმებენ მიქაუტაძეს საპროცესოს?

რომეო მიქაუტაძე

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის პროკურორი ირაკლი მარშანია ამბობს, რომ ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. საპროცესო გარიგების სანაცვლოდ პროკურატურა ზიანის ანაზღაურებას და დანაშაულის აღიარებას ითხოვს.

"საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება რომ დაიწყოს, უნდა ანაზღაურდეს ზიანი, აღიაროს დანაშაული. [რომეო მიქაუტაძის მხრიდან] არცერთი ეს წინაპირობა არ არის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმებაზე.

აუდიტორებმა შეადგინეს დასკვნა და ამ დასკვნაში მათ აქვთ შესწავლილი, რომეო მიქაუტაძის და მისი ოჯახის უკანონო შემოსავალი. დაადგინეს, რომ მისი ოჯახი უსაფუძვლოდ გამდიდრდა და დაახლოებით რომეო მიქაუტაძემ 8 400 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განახორციელა. მოგეხსენებათ, რომ რომეო მიქაუტაძეს სხვა მუხლებთან ერთად ბრალი წარდგენილი აქვს უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და ზოგადად, როცა საჯარო მოხელე მაღალ თანამდებობას იკავებს მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა კომპანიების საქმიანობაში. მოცემულ შემთხვევაში, რომეო მიქაუტაძე აქტიურად იღებდა მონაწილეობას კომპანიების საქმიანობაში და ლობირებდა მათ. ეს დასტურდება არაერთი მტკიცებულებებით", - განაცხადა პროკურორმა, რომლის კომენტარსაც "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობითვე, დღეს გამართული სასამართლო პროცესი მოწმეთა გამოკითხვით უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ერთი მოწმე ვერ გამოცხადდა, მეორე მოწმე კი უდავოდ ცნო დაცვის მხარემ, შესაბამისად ის არ დაკითხული.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ამ ეტაპზე პროკურატურა მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავება. პროკურატურის ინფორმაციით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334
ლარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები