პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას აზრით, ანტიდემპინგური კანონის მომზადებას საფუძვლიანი და სიღრმისეული მუშაობა სჭირდება და იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რაც მას მიეცემა, ამ პროცესში თავადაც ჩაერთვება. ასე გამოეხმაურა ოთარ დანელია „ბიზნესკონტრაქტის“ კითხვას, აპირებს თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტი აღნიშნული კანონპროექტის უახლოეს პერიოდში განხილვას.
"ზოგადად, საერთაშორისო ნორმები არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, აღნიშნული ფაქტორები გათვალისწინებული. როგორც იცით, საქართველო გახლავთ ერთ-ერთი უფრო მიმზიდველი ქვეყანა ბიზნესის კეთებისთვის და მნიშვნელოვანია, რომ რეიტინგები არ დაზარალდეს", - აღნიშნა ოთარ დანელიამ „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში, "ქართული ოცნების" დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ზარქუამ „ბიზნესკონტრაქტთან“ საუბრისას ანტიდემპინგურ კანონზე მუშაობის განახლება დააანონსა.
„ჩემი აზრით, ანტიდემპინგური კანონი უნდა ჰქონდეს საქართველოს, რადგან ჩვენ ვართ WTO-სა (ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი ქვეყანა, თუმცა გაუაზრებლად, ნაჩქარევად ამას არ მივიღებთ. ეს მუშა პროცესია ეკონომიკის სამინისტროში. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, კანონპროექტი პარლამენტში უკვე გადაგზავნილია, თუმცა გადაწყვეტილების მიღება ვერ მოესწრო. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილებას მომავალი პარლამენტი მიიღებს“, - განაცხადა ზარქუამ.
აღსანიშნავია, რომ ანტიდემპინგური კანონის შესამუშავებლად მთავრობა თითქმის ორი წელია, მუშაობს და მისი განხილვა საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე იგეგმებოდა. კანონპროექტის მიხედვით, საქონლის დემპინგური იმპორტისას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებას წინ უნდა უძღოდეს შესწავლა, რომელსაც კონკურენციის სააგენტო განახორციელებს.

























