მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დანელია: "ბევრი ქართული პროდუქცია იწარმოება, გადის ექსპორტზე და იგივე პროდუქციის იმპორტი ხდება"

5f7d8d829dd43
ლიკა გურაბანიძე
07.10.20 22:19
1113

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა შეიმუშავა და დაარეგისტრირა კანონპროექტი, “აგროტურიზმის შესახებ”. რატომ არის ეს კანონპროექტი მნიშვნელოვანი? ამის შესახებ, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია “საქმიან დილასთან” საუბრობს. დანელიას თქმით, სოფლად ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია.

“პირველი მიზეზი არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი არის სოფლად და სწორედ სოფლის მეურნეობით არის დაკავებული. ჩვენ პანდემიის დროს გავიაზრეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია აგრარული სექტორი და ტურიზმის ხელშეწყობა. ტურიზმი საინტერესო ინდუსტრიაა, ვინაიდან ეს არის სერვისი და სერვისიდან მიღებული შემოსავალი ყოველთვის გაცილებით ეფექტურია.

სოფლად ტურიზმი ჩვენთან განვითარებული არ არის და შესაბამისი სტანდარტები, ასევე საკანონმდებლო ბაზა და სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ხელშემწყობი ღონისძიებები არ არსებობს. ბევრ ქვეყანას ასეთი კანონი არ აქვს, რაც ჩვენი ძლიერი მხარეა. ძალიან კარგია, როდესაც საქართველოს იმ პირობას შევუქმნით, რომელიც სახელმწიფოს შესაძლებლობას მისცემს ხელი ადგილობრივი ფერმერული მეურნეობების და ტურიზმის განვითარებას შეუწყოს, ასევე იყოს იმ სტანდარტებში, რასაც ევროკავშირის ნორმები ითვალისწინებს. “ - განმარტა დანელიამ.

ოთარ დანელია, ასევე ადგილობრივი და იმპორტირებული პროდუქციის კონკურენციის საკითხსაც შეეხო.

“ადგილობრივი პროდუქციის წარმოება და მოხმარება უნდა გაიზარდოს. როდესაც ექსპორტისა და იმპორტის ბალანსს ვუყურებთ ვხედავთ, რომ ძალიან ბევრი ქართული პროდუქცია იწარმოება, გადის ექსპორტზე და იგივე პროდუქციის იმპორტი ხდება. აქ ადგილობრივი პროდუქციის მინიმალური ოდენობა იქნება გათვალისწინებული, რომელიც აღნიშნული სტატუსის მქონე სუბიექტმა უნდა მოიხმაროს, ეს სავალდებულო იქნება.” - აღნიშნა დანელიამ.

ცნობისთვის, აგროტურიზმის შესახებ კანონპროექტი ითვალისწინებს: აგროტურისტული საქმიანობის ფარგლებში, აგროტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტებისათვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას; აგროტურისტული საქმიანობის ფარგლებში, აგროტურიზმის სტატუსის მქონე სუბიექტების მიერ სახელმწიფო დაფინანსების მიღების შესაძლებლობისა და მათი შეღავათიანი საკრედიტო რესურსებით უზრუნველყოფას.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონის პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს, ერთი მხრივ, სოფლად ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაციას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზაციას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები