ღვინის მწარმოებელი ექვსი საოჯახო მარანი დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ გამოფენაში RAW Wine Copenhagen მონაწილეობდა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
გამოფენაზე RAW Wine (The Artisan Wine Fair) მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
გამოფენაზე მისულ სტუმრებს, ღვინის პროფესიონალებს, კომერციული სექტორის შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლებს და მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცათ, დაეგემოვნებინათ ქართული მარნების: „ახმეტას ღვინის სახლი“, „ანდრიას ღვინო“, „ექიმის ბიო მარანი“, „მანავი ვაინს“, „მათიაშვილის ღვინის მარანი“, „შერმას საოჯახო მეღვინეობა“ ღვინოები.
გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში ნატა მენაბდე დაესწრო. კოპენჰაგენში ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.
მიმდინარე წელს ქართული საოჯახო მარნები ასევე წარმოდგენილი იყვნენ RAW Wine-ის გამოფენებზე შანხაიში, პარიზში, ვერონაში და ტოკიოში.
„ქართული ღვინის წარდგენა დანიაში მნიშვნელოვანია სკანდინავიის ქვეყნებში ცნობადობის გაზრდისა და ბაზრების დივერსიფიკაციისთვის. აღსანიშნავია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბოლო წლებში, მრავალი მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა შვედეთის სამეფოში, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში, რის შედეგადაც, აღნიშნულ ქვეყნებში ქართული ღვინით მზარდი დაინტერესება გამოიკვეთა“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს გავრცელებულ ინფორმაციაში.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან დანიაში ქართული ღვინის ექსპორტი ძალიან მცირეა. გასულ წელს ამ მიმართულებით სულ 177.5 ათასის ღირებულების 19 923 ლიტრი ღვინო გაიყიდა, რაც აღემატება 2023 წლის [$77 ათასი, 10 264 ლიტრი] ექსპორტს, თუმცა 2022 წლის მაჩვენებელზე [$219 ათასი, 29 327 ლიტრი] მცირეა.
4 თვის ჭრილში, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან დანიაში 35 ათასი დოლარის ღირებულების 6 759 ლიტრი ღვინო, 2024 წლის ამავე პერიოდში კი 124 ათასი დოლარის 11 592 ლიტრი ღვინო გავყიდეთ.




























