"ოცნების" მთავრობაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დასაშლელად „კამიტი“ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არ შეუძენია, არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა, რადგან ასეთი ნივთიერება სამინისტროს სარგებლობაში არ არის.
დარახველიძემ განაცხადა, რომ კონკრეტულად რა ნივთიერება იყო გამოყენებული, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა განმარტა, რომ არავითარი სპეც საშუალება, რომელიც აქციის მონაწილეებს საფრთხეს შეუქმნიდა, გამოყენებული არ ყოფილა.
„როდესაც სახეზეა მასობრივი არეულობა და პოლიციები შავდებიან აქციის „მშვიდობიანი მომიტინგეებისგან“, ამ შემთხვევაში, პოლიციას არათუ უფლება, არამედ ვალდებულება აქვს გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული ის სპეციალური საშუალებები, რაც არის ჩამოთვლილი: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, ფიზიკური ძალა და სხვა საშუალებები, რისი ჩამონათვალიც კანონში ამომწურავად არის მითითებული.
რაც შეეხება კონკრეტული ნივთიერების საკითხს, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ და ბატონმა მინისტრმაც აღნიშნა, რომ არანაირი „კამიტი“ შსს-ს არ შეუძენია, არ გამოუყენებია და ვერც გამოიყენებდა იმიტომ, რომ ასეთი არც არსებობს ჩვენს სარგებლობაში. რაც შეეხება კონკრეტულად, რა ნივთიერება იყო, რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ არ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს გამოძიება და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი. ამ შემთხვევაში, ნახავს, რომ იქ არაფერი ისეთი ნივთიერება არ იყო გამოყენებული, რომელსაც რომელიმე ევროპული ან ამერიკული პოლიცია არ იყენებს მსგავს შემთხვევებში. ვიმეორებ, შემთხვევა იყოს ის, რომ ყველა ხედავდა, 2024 წლის წლის 28 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, რუსთაველის გამზირზე, ეს არ იყო მშვიდობიანი აქცია, ეს იყო ძალადობა, შტურმი, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მცდელობა, 171 პოლიციელია დაშავებული. პარლამენტის შენობის წინა ფასადი და დაახლოებით, 60-მდე სამუშაო ოთახი იყო გადამწვარი და ეს თუ იყო მშვიდობიანი აქცია და თქვენ თუ ამ „მშვიდობიან“ აქციაში მონაწილეობდით, ჩემთვის ძალიან გასაოცარია“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
BBC-ის გამოძიება: „როცა წყალი წვავს“
BBC-იმ გაავრცელა დოკუმენტი, სადაც მათი თქმით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარის შესახებ ინფორმაციაა მოცემული. მასში მითითებულია ორი ნივთიერება და ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა შეერიოთ ისინი წყალს:
- UN 1710 – ტრიქლორეთილენი (TCE),
- UN 3439 – ტოქსიკური აგენტების ჯგუფი, BBC-ის ვარაუდით — ბრომობენზილ ციანიდი (BBC), იგივე „კამიტი“.
გამოძიების თანახმად, დოკუმენტის ნამდვილობა რამდენიმე ყოფილმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა.
ამის შემდეგ, დღეს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩანიშნა, სადაც დაადასტურა, რომ შსს-ს შესყიდული აქვს ნივთიერებები, რომლებსაც კოდი UN3439 აერთიანებს. მისივე თქმით, შესყიდულ ნივთიერებებს შორის არ არის კამიტი. „დანარჩენს წარმოადგენს გამოძიება“, – თქვა კობახიძემ.
მანვე განაცხადა, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლის დროს წყლის ჭავლში „სავარაუდოდ“ იყენებდნენ ამავე კოდის ქვეშ შემავალ ფხვნილებს, თუმცა, „ეს კოდი არაფერს არ იძლევა“.
კობახიძე ამბობს, რომ ჩატარდება შესყიდული და გამოყენებული ფხვნილის „სრულფასოვანი ანალიზი“.




























