მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დარჩენილია 5 დღე - რა ბედი ეწევათ 2022 წლამდე რეგისტრირებულ კომპანიებს, რომლებიც მონაცემებს 1 აპრილამდე არ განაახლებენ

ბიზნესის რეგისტრაცია

კერძო კომპანიებს, რომლებიც საქართველოში 2022 წლის 1 იანვრამდე დარეგისტრირდნენ, „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონთან სარეგისტრაციო მონაცემების შესაბამისობაში მოსაყვანად 5 დღე დარჩათ. თუ ბიზნესები 2026 წლის 1 აპრილამდე ამონაწერს არ განაახლებენ, მათი რეგისტრაცია შეჩერდება, რაც საქმიანობის პარალიზებას გამოიწვევს.

იმ შემთხვევაში, თუ კომპანია 1 აპრილამდე ვერ მოასწრებს მონაცემების განახლებას, მას შეეზღუდება ყველა ის ყოველდღიური ოპერაცია, რაზეც ბიზნესის ფუნქციონირებაა დამოკიდებული:

  • ხელფასების გაცემა: შეფერხდება თანამშრომლებთან ანგარიშსწორება;
  • საბანკო ოპერაციები: კომპანია ვერ შეძლებს გადარიცხვების განხორციელებას;
  • გადასახადების გადახდა: შეიქმნება პრობლემები საგადასახადო ვალდებულებების შესრულებისას;
  • ქონების განკარგვა: იურიდიულად შეუძლებელი გახდება აქტივების მართვა.

„მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესრულების ბოლო ვადა თავდაპირველად 2025 წლის 1 აპრილი იყო, თუმცა ხელისუფლებამ ის ერთი წლით გაახანგრძლივა. ამ ეტაპზე უცნობია, იგეგმება თუ არა ვადის კიდევ ერთხელ გადაწევა.

სპეციალისტების განმარტებით, ათასობით ბიზნესისთვის სტატუსის შეჩერება პირდაპირ ნეგატიურ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკასა და სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებზე.

„ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული საწარმო ვალდებულია 2026 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა,“ - ნათქვამია კანონში.

მონაცემების განახლებისთვის მარეგისტრირებელ ორგანოს (საჯარო რეესტრს) უნდა წარედგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება.

  • გადაწყვეტილება მიიღება საწარმოს ძველი წესდებით (2022 წლის 1 იანვრამდე მოქმედი) დადგენილი კვორუმის შესაბამისად.
  • თუ ახალ სადამფუძნებლო შეთანხმებაში ძველი წესდების შინაარსი უცვლელად აისახება და ის კანონს არ ეწინააღმდეგება, გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით (ზოგადი წესით).

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები