მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარგები, სადაც 2017-2018 წლებში ყველაზე მეტი რეინვესტიცია განხორციელდა

5b9f7ea5e26d8
თელარა გელანტია
17.09.18 13:45
1042
2017 წელს ყველაზე მეტი რეინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა.

ამის შესახებ BM.ge-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციიდან ირკვევა.

კერძოდ, BM.GE დაინტერესდა, ე.წ. მოგების გადასახადის ესტონური მოდელის ამოქმედების შემდეგ განხორციელებულ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციაში რეინვესტიციის წილით.

ცნობისთვის: 2009 წლიდან საფინანსო სექტორის მონაცემები მოიცავს საბანკო, მიკროსაფინანსო და სადაზღვევო ორგანიზაციებში განხორციელებულ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მონაცემებსაც.

საქსტატის მიხედვით, 2017 წელს საფინანსო სექტორში 213.7 მლნ დოლარის რეინვესტიცია განხორციელდა, შემდეგ მოდის მშენებლობა - 141 მლნ დოლარის ინვესტიციით, მესამე პოზიციაზეა დამამუშავებელი მრეწველობა, სადაც 121,1 მლნ დოლარის რეინვესტიცია განხორციელდა. მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე კი, სამთომოპოვებითი მრეწველობა და უძრავი ქონება არიან, შესაბამისად, 33.7 მლნ და 33.5 მლნ დოლარით.

რაც შეეხება 2018 წლის 6 თვის მონაცემებს, წლის პირველ ნახევარშიც ყველაზე მეტი, დაახლოებით, 127.5 მლნ დოლარის რეინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა; საანგარიშო პერიოდში 74.4 მლნ აშშ დოლარის რეინვესტიცია განხორციელდა დამამუშავებელ მრეწველობაში, ხოლო ენერგეტიკაში რეინვესტიციამ 55, 2 მლნ დოლარი შეადგინა. უცხოურ ინვესტიციებს შორის განხორციელებული რეინვესტიციის მოცულობით მეოთხე და მეხუთე პოზიციებზე არიან მშენებლობა და სამთომოპოვებითი მრეწველობა, შესაბამისად, 33 მლნ და 27.7 მლნ დოლარით.

ცნობისთვის: 2017 წელს პირდაპირი უცხოელი ინვესტორების მიერ სულ 657.5 მლნ დოლარის რეინვესტიცია განხორციელდა. 2018 წლის ორ კვარტალში კი - 378.2 მლნ დოლარის.

შეგახსენებთ: მოგების გადასახადის ე.წ. ესტონური მოდელი 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდა. რეფორმის შედეგად, მოგების გადასახადით იბეგრება მხოლოდ განაწილებული მოგება, რეინვესტიციის შემთხვევაში, კი ბიზნესი მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულია.

აღსანიშნავია, რომ ე.წ. ესტონური მოდელით, ჯერჯერობით, ვერ სარგებლობს საფინანსო სექტორი. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და საფინანსო სექტორთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ საფინანსო სექტორისთვის მოგების გადასახადის რეფორმა 2023 წლის 1 იანვრამდე გადავადდება, ნაცვლად 2020 წლისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები