"დღეს საქართველოს ეკონომიკას საკმაოდ მძიმე პირობებში უწევს განვითარება”, - განაცხადა საკომიტეტო მოსმენაზე ეკნომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ. მისი თქმით, დღეს საქართველო არ არის იმ მდგომარეობასა და პოზიციაში, ყველაფერი დავაბრალოთ საგარეო ფაქტორებს.
"ეკონომიკური ზრდა ჩვენთან 2013-15 წლებში საშუალოდ გახლდათ 3,6% და ეს იყო რეგიონში ლიდერის მაჩვენებელი, ასეთი ზრდა ჰქონდა მხოლოდ თურქეთს, რაც ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ არ არის იდეალური მაჩვენებელი მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ეს არის საუკეთესო მაჩვენებელი.
დეკომპოზიცია ამ ზრდის, თქვენ ნახავთ, რომ ძირითადად სწრაფად იზრდება სერვისები, სერვისები ვერ ასაქმებს და არ არის იმდენად დასაქმებით ინტენსიური დარგი, ხოლო იმ დარგებში სადაც უფრო მეტი მოსახლეობა გვყავს დასაქმებული, საკმაოდ დაბალი ზრდის ტემპები გვაქვს სწორედ ეს არის სტრუქტურული გამოწვევა, რომელსაც ჩვენ უნდა ვებრძოლოთ, რომელიც უნდა გამოვასწოროთ.
დასაქმებას რაც შეეხება ბოლო 2013-15 წლებში უმუშევრობის მაჩვენებელი 15-დან 12%-მდე შემცირდა და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ შეიქმნა ახალი 56 ათასი სამუშაო ადგილი, ხოლო 90 ათასი ფორმალურად დასაქმებული ადამიანი გახდა თვითდასაქმებული. ეს ტენდენცია არის პოზიტიური და შესანარჩუნებელი. ამ ტემპების გაუმჯობესება არის ის ძირითადი გამოწვევა, რომელსაც ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ და სწორედ ასეთი და მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ არის შექმნილი ის 4 პუნქტიანი გეგმა, რომელიც დააანონსა პრემიერმა და რომელზეც ჩვენ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.
საგარეო ვაჭრობის ბალანსი, სამწუხაროდ, ის გამოწვევაა, რომელიც წლების განმავლობაში არის პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ფუნდამენტური გამოწვევაა, რომლის აღმოფხვრაც ალბათ ყველაზე სერიოზული პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის. 2007 წლიდან დაწყებული ახალი პროდუქტები, ახალი პოზიციები საგარეო ვაჭრობაში ჩვენ თითქმის არ შეგვიქმნია. გაჩნდა თხილი, შემცირდა ცემენტი და ასე შემდეგ, ასევე ხდება ბაზრების დივერსიფიცირება, თუმცა, სერიოზული ამოცანაა, რომ ის საექსპორტო პოტენციალი, რომელიც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმებში გვაქვს, სერიოზულად დავამუშავოთ. ექსპორტის წახალისება არის ის ძირითადი და მნიშვნელოვანი პასუხი, რითაც შეგვიძლია პასუხი გავცეთ ამ გამოწვევას.
ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დაჩქარება და იმ ბიზნესგარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას, არის პრინციპულად მნიშვნელოვანი ჩვენთვის, როგორც საკანონმდებლო ნაწილში და აქაც 4 პუნქტიანი გეგმა პასუხობს ამ გამოწვევას.
სტრატეგიული მიმართულებები, რომლებიც იმ ტრენდშია, რაც 4 პუნქტიან გეგმას ეხება, გახლავთ უკეთესი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო. ჩვენ ვიცით, რომ პროგრამაშიც კონკრეტული ნაბიჯები და მიმართულებებია ჩადებული: საინვესტიციო კანონმდებლობის გაუმჯობესება, გარანტიები ინვესტორთათვის, კანონმდებლობის ცვლილებების ზეგავლენა, კანონმდებლობის შეფასებაში ბიზნესის ჩართულობა და ასე შემდეგ. ბიზნესსახლის კონცეფცია, რომელიც გაუადვილებს ბიზნესს სახელმწიფოსთან ურთიერთობას და ადმინისტრირების ხარისხი, რომელიც პრინციპულად მნიშვნელოვანია ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის. ეს იქნება პირველი და ის ძირითადი მნიშვნელობა, რაზეც ჩვენ უნდა გავაკეთოთ ფოკუსირება, რაც ნაწილობრივ უკვე გაკეთებულია და მომზადებული საკანონმდებლო აქტების სახით უკვე უახლოეს პერიოდში გადაეგზავნება პარლამენტს.
ფინანსური ბაზარი: თქვენ იცით, რომ ამ მიმართულებითაც არის სერიოზული რეფორმები დაგეგმილი. ეს არის, პირველ რიგში, საპენსიო რეფორმა და კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომლებმაც გრძელვადიანი დაფინანსების წყარო უნდა შექმნან ქვეყანაში და ხელი უნდა შეუწყონ დაგროვების, დაზოგვის კულტურის ჩამოყალიბებას. ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი რეფორმები, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ კონცეპტში შესვლა სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული, მაგრამ მათი გადადებაც არის სხვა რისკებთან დაკავშირებული. ვფიქრობთ, რომ ჩვენ დღეს შეგვიძლია სერიოზულად განვიხილოთ ამ რეფორმების დაწყების საკითხი.
მნიშვნელოვანია ხარისხის ინფრასტრუქტურა, რომლის გარეშეც იმ გეგმების განხორციელება, რომლებიც ჩვენ სავაჭრო ბალანსის დეფიციტის აღმოფხვრასთან გვაქვს დაკავშირებული, პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე ტრანსპორტის განვითარება და, რა თქმა უნდა, ის სახელმწიფო პროგრამები, რომლებზეც ბევრს აღარ ვისაუბრებ, მათ ბატონმა დიმიტრი ქუმსიშვილმაც გაუსვა ხაზი. ეს არის პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და ის ნაწილი, რომელიც ხელს უწყობს წარმოების განვითარებას და, რაც მთავარია, ადგილობრივი მეწარმეობის შექმნას”, - განაცხადა გახარიამ.

























