ფეროშენადნობების ასოციაციაში აცხადებენ, რომ დარგში ვითარება გაუმჯობესებულია და საწარმოების ნაწილმა მუშაობა განაახლა.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნუგზარ კევლიშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ქართულ ფეროშენადნობებზე მოთხოვნა მზარდია, რაც ძირითად წითელი ზღვის კრიზისის ფონზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
ნუგზარ კევლიშვილის თქმით, სექტორი კრიზისული ვითარებიდან არ გამოსულა, თუმცა გლობალურად პროდუქციაზე გაზრდილი ფასების და მოთხოვნის ფონზე, ქართული ფეროშენადნობების ექსპორტში დადებითი ტენდენციები შეინიშნება.
მისივე თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ფეროსილიკონზე ფასები საშუალოდ 350-400 დოლარითაა გაზრდილი და მოსალოდნელია, რომ მცირედი ზრდა უახლოეს ხანებშიც დაფიქსირდება.
„დარგში პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება. წითელ ზღვაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჩვენს ინდოელ კონკურენტებს გადაზიდვის ფასი გაეზარდათ, საკმაოდ ძვირია უკვე ტრანსპორტირება ინდოეთიდან ევროპამდე და თურქეთამდე. შესაბამისად, გადაზიდვა გაცილებით უფრო იაფი ჯდება ქართველი მეწარმეებისთვის და ამან საშუალება მოგვცა, რომ კომპანიებს ოპერირება განეახლებინათ. ძირითადი საექსპორტო ბაზრები კვლავ აშშ და თურქეთია, პროდუქცია ნაწილობრივ ეგვიპტეშიც გადის. სხვა ბაზრებთანაც მიდის მუშაობა, მათ შორის ევროპის ქვეყნებთანაც, რომ ევროპულ ბაზარზეც მოვიკიდოთ ფეხი.
ასევე აღსანიშნავია, რომ გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში საქართველოში ელექტროენერგიაზე ფასი დაბალია დაა ამანაც მისცა საწარმოებს საშუალება, რომ მუშაობა განეახლებინათ. თუკი აქამდე 4 კომპანია მუშაობდა, ახლა უკვე 9 საწარმო ოპერირებს. მოთხოვნა თურქეთიდან ყოველდღიურად მზარდია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გლობალურად ფასი გაზრდილია, თუკი გასული წლის ბოლოს 950-1000 დოლარის ფარგლებში იყო, ახლა 1300 დოლარის ფარგლებში მერყეობს, დარგში კრიზისი არ დასრულებულა, თუმცა სასიკეთო ძვრებია“, - განაცხადა ნუგზარ კევლიშვილმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოდან 82.4 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე, რაც წლიურ ჭრილში 2.4%-იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ გასული პერიოდისგან განსხვავებით, საექსპორტო შემოსავლის მიმართულებით კლების ტემპი შენელებულია. იანვარი-აპრილის პერიოდში საქართველოდან სულ 79 ათასი ტონა ფეროშენადნობები გავიდა ექსპორტზე.