მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დარიალზე, რუსეთის საზღვართან ₾245-მილიონიანი ახალი მაგისტრალის მშენებლობის ტენდერი ჩაიშალა

სტეფანწმინდა დარიალი გზა ყაზბეგი ლარსი

საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ₾245-მილიონიანი ტენდერი, რომლითაც რუსეთის საზღვართან ახალი მაგისტრალის მშენებლობა იყო დაგეგმილი, ჩაიშალა. შესაბამისი გადაწყვეტილება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ახალი გზა სტეფანწმინდადან ზემო ლარსის მიმართულებით უნდა აშენდეს და მისი სიგრძე 4.5 კილომეტრია, შესაბამისად ერთი კილომეტრის სამშენებლო ღირებულება 55 მილიონ ლარს შეადგენს. ტენდერი ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში გამოცხადდა და მასში მონაწილეობა 5-მა კომპანიამ მიიღო, წინადადებების შეფასების პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომლის შედეგადაც საბოლოოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ყველა მათგანის უარყოფის გადაწყვეტილება მიიღო.

ახალი გზის მშენებლობის მსურველი კომპანიების შეთავაზებები ასეთი იყო:

  • Hunan Road & Bridge Construction Group Company Ltd. - 377,391,902 ლარი;
  • Guizhou Highway Engineering Group Co.,Ltd. - 299,686,603 ლარი;
  • China Communications Construction Company Limited - 235,012,894 ლარი;
  • China Railway Tunnel Group Co., LTD. - 233,688,688 ლარი;
  • China Railway 23rd Bureau Group - 224,919,507 ლარი.

გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, წინადადებების უარყოფის მიზეზი პრეტედენტების მხრიდან გამოცდილების, ფინანსური შესაძლებლობების და დოკუმენტაციის ხარვეზები გახდა. უცნობია როდის გამოქვეყნდება ახალი ტენდერი.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ამ გზის ფარგლებში ორი ესტაკადა და ორი გვირაბი უნდა აშენდეს, მათი პარამეტრები ასეთი იქნება:

  • ესტაკადა N1 მდ.თერგზე - სიგრძე 2018 მეტრი;
  • ესტაკადა N2 - სიგრძე 636 მეტრი;
  • გვირაბი N1 - სიგრძე 460 მეტრი;
  • გვირაბი N2 - სიგრძე 846 მეტრი.

მთლიანობაში გვირაბებსა და ესტაკადაზე დაგეგმილი საპროექტო მანძილის 88% მოდის, სწორედ ამის გამო, ერთი კილომეტრის აშენების საშუალო ღირებულება ბიუჯეტს 55 მილიონი ლარი დაუჯდება.

გზის პარამეტრები ასეთი იქნება:

  • საანგარიშო საპროექტო სიჩქარე - 60 კმ/სთ;
  • მიწის ვაკისის სიგანე – 14.0 მ;
  • სავალი ნაწილის სიგანე – 7.0 მ;
  • სამოძრაო ზოლის სიგანე – 3.5 მ;
  • სამოძრაო ზოლების რაოდენობა - 2.

“საპროექტო გზის მონაკვეთი მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონის, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში. გზა გადის პრაქტიკულად დაუსახლებელ ტერიტორიაზე. საპროექტო მონაკვეთის მთლიანი სიგრძე შეადგენს 4.5 კმ-ს. სტეფანწმინდა-გველეთის მონაკვეთი არის არშა-სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მონაკვეთის გაგრძელება. მიმართულების გარკვეული ნაწილი მდინარე თერგის კალაპოტის მარცხენა ნაპირზე, სანაპირო ზოლში გადის. საპროექტო მონაკვეთი გადის ძალიან რთულ რელიეფში, მდინარე თერგის ვიწრო ხეობაში, რომელიც ორივე მხრიდნ შემოსაზღრულია მთებით”, - ნათქვამია სატენდერო პირობებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები