მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დარწმუნებული ვარ, ამ ერთიანობითა და ენერგიით არაერთ მნიშვნელოვან მიზანს მივაღწევთ" - ირაკლი ყანდაშვილი

ყანდაშვილი

პირველადი მონაცემებით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში ირაკლი ყანდაშვილმა გაიმარჯვა.

არჩევნების დასრულების შემდეგ ირაკლი ყანდაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ადვოკატთა კორპუსს აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, არჩევნებში მონაწილეობა 2 855-მა ადვოკატმა მიიღო, რაც, მისი შეფასებით, ასოციაციის მომავლის მიმართ მაღალი ინტერესისა და პასუხისმგებლობის მაჩვენებელია.

"კოლეგებო და მეგობრებო,

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები წარმატებით დასრულდა და შედეგი უკვე ცნობილია!

არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2855 ადვოკატმა, რაც ნათლად ასახავს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობასა და ინტერესს ასოციაციის მომავლის მიმართ.

ირაკლი ყანდაშვილი — 1473 ხმა

ირაკლი ჩომახაშვილი — 1366 ხმა

კოლეგებო, ეს იყო მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი პროფესიული საზოგადოების ცხოვრებაში, რომელმაც კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად აქტიური და ჩართულია ადვოკატთა კორპუსი საერთო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

განსაკუთრებული მადლობა თითოეულ მონაწილეს აქტიური ჩართულობისა და გამოხატული პოზიციისთვის. თქვენი არჩევანი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო არა მხოლოდ კონკრეტული შედეგის განსასაზღვრად, არამედ დემოკრატიული და გამჭვირვალე პროცესის გასაძლიერებლად.

ასეთმა მონაწილეობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩვენი პროფესიული ერთობა დაფუძნებულია პასუხისმგებლობაზე, ნდობასა და ურთიერთპატივისცემაზე.

მიღწეული შედეგი საერთო ძალისხმევის, კონსტრუქციული პროცესისა და პროფესიული სოლიდარობის შედეგია.

წინ გვიდგას მრავალი მნიშვნელოვანი გამოწვევა და შესაძლებლობა, რომელიც მოითხოვს თანამშრომლობას, პრინციპულობას და თანმიმდევრულ მუშაობას.

დარწმუნებული ვარ, ამ ერთიანობითა და ენერგიით არაერთ მნიშვნელოვან მიზანს მივაღწევთ.

გულწრფელი მადლობა ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და აქტიური პოზიციისთვის!", - დაწერა ყანდაშვილმა.

როგორც ცნობილია, ყანდაშვილმა 1 473 ხმა მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა ირაკლი ჩომახაშვილმა — 1 366 ხმა. გამარჯვებულსა და მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს შორის სხვაობა 107 ხმას შეადგენს.

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების პირველი ტური 14 დეკემბერს გაიმართა. იმავე დღეს არჩეულ იქნენ აღმასრულებელი საბჭოს, ეთიკის კომისიისა და სარევიზიო კომისიის წევებიც. პირველი ტურის შედეგების მიხედვით, ირაკლი ყანდაშვილმა 1 283 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა — 1 109.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები