მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დარწმუნებული ვარ, ამას წინ უძღოდა კვლევა კლინიკების დაჯარიმების მოტივებზე" - ტიკარაძე კოვიდჯარიმების ჩამოწერაზე

ტიკარაძე

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სახელმწიფო კლინიკებისთვის COVID-თან დაკავშირებული ჯარიმების ჩამოწერის შესახებ ამჟამინდელი მინისტრის გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებს.

საქმე ისაა, რომ სახელმწიფო კლინიკებს კოვიდთან დაკავშირებული 26 მლნ ლარის ჯარიმისგან მხოლოდ 6.5 მლნ ლარის გადახდა მოუწევთ. როგორც "ოცნების" ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თუ კლინიკები გარკვეულ ვადაში ჯარიმების 25%-ს აანაზღაურებენ, დანარჩენი დავალიანება სრულად ჩამოეწერებათ.

მედიასთან სარჯველაძემ განმარტა, რომ სამედიცინო სერვისების ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებით იყო წარმართული და სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობაში გარკვეული პრობლემები არსებობდა.

უწყების იმდროინდელი ხელმძღვანელი BMG-სთან ამბობს, რომ როგორც ფინანსურ, ისე საექიმო გადაცდომებზე ამნისტია კოვიდის დასრულებამდე არაერთ ქვეყანაში გამოცხადდა და იმედოვნებს, რომ საქართველო მათ რიცხვს სწორი მოკვლევის შედეგად შეუერთდა.

„უნდა აღინიშნოს, რომ ბევრ ქვეყანაში კოვიდის დასრულებამდე იქნა გამოცხადებული ამნისტია კოვიდის პერიოდთან მიმართებით როგორც ფინანსურ, ისე საექიმო გადაცდომებთან მიმართებით.

ჩვენ კოვიდ საბჭოზე განვიხილავდით ამნისტიის პროცესის მიღება-არმიღების საკითხს, თუმცა იმ პერიოდისთვის არ მივიჩნიეთ სწორად, წინასწარ გამოგვეცხადებინა ამნისტია, ვინაიდან ჩვენ დარწმუნებული ვიყავით, რომ პროცესები აბსოლუტურად სწორად მიმდინარეობდა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით. რა თქმა უნდა, იმის მოლოდინი, რომ გარკვეული გადაცდომები შეიძლებოდა ყოფილიყო, არსებობდა, რადგან ნამდვილად გადატვირთული იყო სისტემა.

შემდგომ იყო გარკვეული კითხვები, თუ რამ წარმოქმნა ამხელა ჯარიმების ვალდებულება კლინიკებთან მიმართებით, თუმცა ვთვლიდით, რომ მნიშვნელოვანი იყო ამის თანმიმდევრული განხილვა, რაც რეალურად მინისტრის პოზიციამ დაადასტურა.

მივესალმები მინისტრის გადაწყვეტილებას, დარწმუნებული ვარ, ამას წინ უძღოდა საფუძვლიანი კვლევა ჯარიმების მოტივებთან და აღქმასთან მიმართებით“, - განაცხადა BMG-თან ტიკარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები