"გეგმაზომიერად მივყვებით და დარწმუნებული ვარ, დადებითად დასრულდება ეს მოლაპარაკებაც", - ასე უპასუხა "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კითხვას, რომელიც აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის კონტრაქტის გაგრძელებას შეეხებოდა.
აზერბაიჯანთან დადებული ხელშეკრულება დამატებითი გაზის მოცულობების მიღებაზე, 2026 წელს იწურება. ამ შეთანხმებით, საქართველო შეღავათიანი პირობებით, წლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს იღებს. 2027 წლიდან რა პირობით გაგრძელდება დამატებითი გაზის სახელით ცნობილი კონტრაქტი, ჯერ უცნობია.
სამხრეთ კავკასიური მილსადენის კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულებით საქართველო გაზს ორი შეთანხმებით იღებს: ერთი ოფციური გაზია და აზერბაიჯანიდან თურქეთისა და ევროპის მიმართულებით გატარებული გაზის 5%-ს შეადგენს, ხოლო მეორე - დამატებითი გაზი, რაც ყოველწლიურად 500 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს.
"ელექტროენერგიის იმპორტის ნაწილში საქართველოსთვის აზერბაიჯანი სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა. მეორე მხრივ, ასევე ვთანამშრომლობთ გაზის იმპორტის ნაწილშიც და ჩვენ გვაქვს მიმდინარე მოლაპარაკებები 2027 წლისთვის. გეგმაზომიერად მივყვებით და დარწმუნებული ვარ, დადებითად დასრულდება ეს მოლაპარაკებაც, რაც ორ ქვეყანას ამ ფორმატშიც აკავშირებს“ - განაცხადა ქვრივიშვილმა.




























