საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ პირველ ივლისს ამოქმედებულ ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შეთანხმება მალე შედგება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ბირჟაზე ვაჭრობა ნებაყოფლობითია, მომხმარებლებს ელექტროენერგიის შესყიდვის მოტივაცია არ აქვთ, რადგან მისი ყიდვა სემეკის დადგენილი ტარიფითაც შეუძლიათ, თუმცა ნარმანიას სჯერა, რომ სანამ ვაჭრობა სავალდებულო გახდება, მხარეები შეთავაზებებში გადაიკვეთებიან.
„ბირჟაზე ჯერჯერობით მონაწილეთა მცირე რიცხვია და ვისაც ენერგიის გაყიდვა უნდა, შედარებით ძვირ ფასს ადებს, ვისაც ყიდვა უნდა, ისინი ცდილობენ უფრო ნაკლებ ფასად იყიდონ. აქედან გამომდინარე ჯერჯერობით რეალური გარიგება ბირჟაზე არ მომხდარა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ გენერაციის ობიექტები დროთა განმავლობაში იძულებულები იქნებიან ფასი დასწიონ. გარდა ამისა, ენერგიის მყიდველები დროთა განმავლობაში მიხვდებიან, რომ ამ ფასად ვერ იყიდიან და ასწევენ ფასს, აქედან გამომდინარე, ისინი აუცილებლად გადაიკვეთებიან ერთ წერტილში, რასაც საბაზრო ფასზე შეთანხმება ჰქვია და აუცილებლად მოხდება მათ შორის ენერგიის ყიდვა-გაყიდვა.
ჯერჯერობით, რადგან მათ შეუძლიათ სემეკის დადგენილი ტარიფით ენერგიის ყიდვა, აქედან გამომდინარე, შესაძლოა ამ ენერგიის ყიდვის მაღალი მოტივაცია არ ჰქონდეთ, შესაბამისად, როდესაც ბირჟაზე ენერგიის ყიდვა სავალდებულო გახდება, ყველა მსხვილი მომხმარებელი იძულებული გახდება ბირჟაზე შეიძინოს ეს ენერგია, თუმცა მანამდეც ვიდრე ეს ნებაყოფლობითი რეჟიმი მუშაობს, დარწმუნებული ვარ ეს შეთანხმება ძალიან მალე მოხდება“, - განმარტა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის: ენერგეტიკული ბირჟა, რომლის გახსნაც 6-ჯერ გადავადდა, 1 ივლისს, მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებით გაიხსნა, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიწია.