მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დარწმუნებულები ვართ, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედებას დადებითი შედეგი მოჰყვება"

5c6ab8c86d441
თათია ჩაფიჩაძე
18.02.19 21:10
1151
სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელის მიხეილ ხიდურელის შეფასებით, საკრედიტო-საგარანტიო სქემის ამოქმედება მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობს.

„საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას ხიდურელმა სქემის დეტალებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი შემუშავება დონორებთან ერთად, სხვა ქვეყნების მაგალითზე მოხდა.

„ჩვენ ბანკთან აწყობილი გვექნება ისეთი სქემა, სადაც მაქსიმალურად ავტომატურად მოხდება კომუნიკაცია. მეტი მოტივაცია ექნება ბანკს, რომ გასცეს მეტი სესხი და მეტი სტიმული ექნება ბენეფიციარს, რომ დაიწყოს ბიზნესი. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ რომ ამას დადებითი შედეგი მოჰყვება. ალბათ მოსალოდნელია ჩვენი დონორებისგან დახმარებაც, იმიტომ რომ აქტიურად იყვნენ ჩართულები სქემის ფორმატის შემუშავებაში. კონსულტაციები იყო მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან და ბევრ დონორ ორგანიზაციასთან. რაიმე ახალის გამოგონება არ მომხდარა, საკმაოდ აპრობირებული სქემებია, რომლის ცალსახა მაგალითია ირლანდია, სადაც ამან ძალიან წარმატებულად იმუშავა. აქვე ვიტყვი, რომ ნებისმიერი პროგრამის მექნიზმი არის ცოცხალი ორგანიზმი და უნდა ვითარდებოდეს, ვნახავთ როგორ იმუშავებს, გადახედვა მოხდება მუდმივ რეჟიმში“, - განაცხადა ხიდურელმა.

მთავრობის მიერ დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება. სქემის ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი სახელმწიფო იქნება.

2019 წლის ბიუჯეტში საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის 20 მლნ ლარია გათვალისწინებული. სააგენტოს ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ეს თანხა 285 მილიონ ლარამდე სესხს მოემსახურება. სქემის დამატების მიზანი ადგილობრივი წარმოების განვითარება და ექსპორტის ჩანაცვლებაა.

„სუბსიდირების პროგრამისგან განსხვავებით, აქ სფეროები და სექტორები ბევრად გაშლილია. დამატებული გვაქვს საგანმანათლებლო ბიზნესი, მაღალტექნოლოგიური და სხვა. მაგალითად, მაღალტექნოლოგიური ქართული რესტორნები გვინდა გაიხსნას. რეალურად ვტრიალებთ ისევ იმ ჯაჭვში, რომ გვსურს, გაიხსნას ბევრი ქართული რესტორანი და ჩანაცვლდეს იმპორტი. სქემის ფარგლებში გარანტიების გაცემა დაიწყება 50 000 ლარიდან, მაქსიმუმი კი, 2 მლნ ლარი იქნება. ჩვენ არ ველოდებით, რომ პირველივე წელს მოხდება ამ თანხის სრულად ათვისება, მაგრამ თუ მოხდება, ვიფიქრებთ ბიუჯეტის გაზრდაზე“, - აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები