„როდესაც საგარეო შოკი ხდება, დარტყმას პირველ რიგში კურსი იღებს და ეს არის შედარებით ყველაზე უმტკივნეულო დარტყმა. სხვა ალტერნატივა ფიქსირებული კურსის პირობებში არის ის, რომ აუცილებლად დარტყმას მიიღებს რეალური სექტორი, წარმოება, ექსპორტი და მათ შორის ტურიზმი ვიზიტორებისთვის გაძვირდება“ - ამის შესახებ პარლამენტში ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ლარის კურსზე საუბრისას განაცხადა.
„შესაბამისად ეს რეალურ სექტორს ძალიან მალევე გადაეცემა იქ შემოსავლები კლებულობს ან უმუშევრობა მატულობს ან ხელფასი მცირდება. შესაბამისად, ფიგურალურად რომ გამოვხატოთ პირველი დარტყმა ხდება კურსზე და თუ ჩვენ ამას ავირიდებთ, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში დარტყმა სხვა მხრიდან უნდა მოხდეს, რომელიც გაცილებით უფრო მძიმეა, უფრო დიდხანს ხდება მისი რეაბილიტაცია და უფრო დრამატულია.
იდეალურ შემთხვევაში საერთოდ არ მივიღოთ შოკი, რა საკვირველია ეს ჯობია ყველაფერს, მაგრამ აქ საკითხია, რომ შედარებით ნეგატიური მოვლენა რომ ხდება როგორ გადავაგოროთ ეს მოვლენა. შესაბამისად საქმე ამასთან გვაქვს. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი ფუნდამენტური მაჩვენებლები არის ძლიერი, დარწმუნებული ვარ წლის ბოლოსკენ ლარის გამყარების ტენდენცია იქნება“ - განაცხადა მაჭავარიანმა.

























