მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დარწმუნებული ვართ, ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად გადალახავს შექმნილ სირთულეებს და განვითარების ჩვეულებრივ რიტმს დავუბრუნდებით"

5e6d1cc6f10b8
BM.GE
14.03.20 22:03
825
მინდა გითხრათ, რომ მთავრობა, ეკონომიკური გუნდი ძალიან დროულად რეაგირებს და სადაც ვხედავთ, რომ ბიზნესს უჭირს, ყველგან პრევენციულ ნაბიჯებს ვდგამთ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რაც შეეხება ეროვნულ ვალუტას, კორონავირუსის სწრაფი გავრცელების ფონზე ტურიზმი ფაქტობრივად შეწყდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად და ბევრმა ქვეყანამ ჩაკეტა საზღვრები, რამაც გარკვეული ნეგატიური მოლოდინები გააჩინა ამ კუთხით.


როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში ლარის კურსის გარკვეული ცვალებადობა პანიკისა და ნეგატიური მოლოდინების შედეგია , ასევე ბევრი სხვა ნეგატიური პროცესის, რომელიც შეიძლება განვითარდეს.


„თუმცა თქვენ ხედავთ, რომ ეკონომიკური გუნდი, მთავრობა ძალიან დროულად რეაგირებს და სადაც ბიზნესს უჭირს, პრევენციულ ნაბიჯებს ვდგამთ. გუშინ ჩვენ გამოვაცხადეთ უპრეცედენტო მხარდაჭერის ზომები - 1 მილიარდი ლარის რესურსი გავაჩინეთ ბიზნესში, რათა ბიზნესმა ჩვენთან ერთად ღირსეულად გადაიტანოს ეს დროებითი გამოწვევა“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.


ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკა შექმნილ გამოწვევას ძალიან ჯანსაღი დახვდა და ამის დასტურია წინა წლების საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი.


მისივე თქმით, იანვარშიც კი, როცა კორონავირუსი უკვე გავრცელებული იყო ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენ მხოლოდ პოზიტიური დინამიკა გვქონდა.


„ყოველივე ამის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვართ, ჩვენი ეკონომიკა ძალიან სწრაფად გადალახავს შექმნილ სირთულეებს. შეძლებისადგვარად, შერბილებული იქნება ეს ნეგატიური ზემოქმედება და დავუბრუნდებით ჩვეულებრივი განვითარების ტემპსა და რიტმს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები