გამოცემა Nikkei Asia-ს ინფორმაციით, Apple-ის პირველი დასაკეცი სმარტფონის საინჟინრო ტესტირების ფაზაში სერიოზული შეფერხებები წარმოიქმნა, რამაც შესაძლოა პროდუქტის მასობრივი წარმოებისა და გაყიდვების დაწყების განრიგი მნიშვნელოვნად შეცვალოს.
წყაროების ცნობით, სატესტო წარმოების ადრეულ ეტაპზე იმაზე მეტი პრობლემა გამოვლინდა, ვიდრე კომპანია ვარაუდობდა, რაც დამატებითი კორექტირებების შესატანად მეტ დროს მოითხოვს. უარეს შემთხვევაში, საინჟინრო ხარვეზებმა შესაძლოა დასაკეცი iPhone-ების პირველი პარტიების მიწოდება 2027 წლის გაზაფხულამდე გადასწიოს.
თარიღის შესაძლო ცვლილება განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, რომ Apple-ი გაუმჯობესებული კამერებითა და უფრო დიდი ეკრანებით აღჭურვილი ტელეფონების, მათ შორის პირველი დასაკეცი მოდელისა და ორი სტანდარტული iPhone-ის წარდგენას 2026 წლის მეორე ნახევარში გეგმავს. შეგახსენებთ, Apple-ი დასაკეცი ტელეფონის გამოშვებით მისთვის სრულიად ახალ ბაზარზე უნდა შევიდეს, შესაბამისად, ტექ-გიგანტი პროდუქტის ხარისხს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ამჟამად Apple-ს Nikkei Asia-ს ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია, თუმცა ინსაიდერების თქმით, კომპანიის პრიორიტეტი არა დრო, არამედ ხარისხის სტანდარტების დაცვა იქნება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2026 წლისთვის დაგეგმილი პრეზენტაცია Apple-ისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან კონკურენტები დასაკეცი სმარტფონების ბაზარზე უკვე რამდენიმე წელია პოზიციონირებენ. ამჟამინდელი ცნობებით, საინჟინრო ხარვეზების აღმოფხვრას და წარმოების პროცესის ოპტიმიზაციას კომპანიისგან დამატებით რესურსებს დასჭირდება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მომხმარებელს ინოვაციური მოდელის ლოდინი შესაძლოა იმაზე დიდხანს მოუწიოს, ვიდრე თავდაპირველად იყო დაანონსებული. ამ მხრივ სიტუაცია ჯერჯერობით გაურკვეველია და გადადების საკითხი, სავარაუდოდ, ტესტირების შედეგებზე იქნება დამოკიდებული.




























