დასანანი და გაუგებარი - ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის და აშშ-ს გადაწყვეტილებას შეაჩერონ საქართველოს თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებული გარკვეული ნაბიჯები.
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველო ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF) 30 მილიონ ევროს ვეღარ მიიღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მიმართ პირდაპირი დახმარება ეტაპობრივად შემცირდება და ეს თანხები მედიის და სამოქალაქო საზოგადოებისკენ გადამისამართდება. პაველ ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირის პირდაპირი დახმარება საქართველოში მთავრობის მიმართ 10-ჯერ აჭარბებს სამოქალაქო საზოგადოების მიერ მიღებულს.
"ეს საკმაოდ დასანანი და გაუგებარი გადაწყვეტილებაა ჩვენთვის. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ჩვენ გვაქვს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში საკმაოდ ბევრი შედეგი, რომელიც არის მნიშვნელოვანი როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოებისთვის.
მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ წვრთნები და განსაკუთრებით საერთაშორისო წვრთნები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ატარებენ სარგებელს როგორც საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის, ასევე, აშშ-სთვის და და ყველა იმ სახლემწიფოსთვის, რომელიც ხელს უწყობს ამ წვრთნებს. ეს ხელს უწყობს ერთი მხრივ, ჩვენი ურთიერთთავსებადობის ზრდას. მეორე მხრივ კი, გამოცდილებას აძლევს უმაღლეს პროფესიონალებს, სამხედრო მოსამსახურეებს და ასევე, საშუალებას იძლევა თვალი გავუსწოროთ ახალ გამოწვევებს და შესაბამისად, გვქონდეს კოორდინირებული რეაგირება", - განაცხადა ჩიქოვანმა.
მინისტრის თქმით, არსებობს არაერთი ფორმატი, სადაც საქართველო კვლავ აგრძელებს თანამშრომლობას აშშ-სთან.