საქართველოს მზის ენერგიის განვითარების ასოციაციის თანადამფუძნებელი თორნიკე დარჯანია აცხადებს, რომ საჭიროა ელექტროენერგიის შემნახველების სისტემის დანერგვა, რაც ნეტო აღრიცხვის სისტემიდან ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლისთვის მნიშვნელოვანია.
“ნეტო დარიცხვა ვერ იქნება ისეთი მომხიბვლელი, როგორც ნეტო აღრიცხვა, თუმცა განვითარებას არ შეაჩერებს, აუცილებლად გვაქვს დასანერგი შემნახველების სისტემა, რათა ქსელის სტაბილურობა/არასტაბილურობა დავარეგულიროთ შემნახველი სისტემებით, ამ კუთხით უნდა იყოს ხელშეწყობა”, - აღნიშნა მან.
მისი თქმით, სახელმწიფო ამისთვის ქსნის ქვესადგურის ტერიტორიაზე შემნახველის აშენებას გეგმავს, თუმცა საჭიროა კერძო სექტორის აქტიურობაც.
“კერძო სექტორშიც უნდა იყოს წამახალისებელი მექანიზმები შემოღებული. მაგალითად, ის, ვისაც შეუძლია ქსელი დაასტაბილუროს პიკურ საათებში, უნდა იყოს დაჯილდოებული, ამ თვალსაზრისით ბევრნაირი მოდელია მსოფლიოში, კონკრეტულად რომელიმე წამახალისებელი მექანიზმის მოდელი არ გვაქვს შეთავაზებული, უბრალოდ, პირველ ეტაპზე უნდა შევძლოთ, შემნახველის ცნება აისახოს კანონმდებლობაში. შემდეგ უნდა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, რათა ტექნოლოგიების ინტეგრაცია წახალისდეს ქსელში”, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ანაზღაურების სქემის ცვლილების შესახებ დაახლოებით ორი კვირის წინ გახდა ცნობილი. ცვლილების თანახმად, მოქმედ ნეტო აღრიცხვის სისტემას, ნეტო დარიცხვის სისტემა ჩაანაცვლებს. შესაბამისი ცვლილებები "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ კანონში შედის. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელისთვის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურებების არსებული შეღავათი უქმდება. პროექტის მიღების შემდეგ, სემეკი დაადგენს ელექტროსადგურის მიერ მიწოდებული ელექტროენერგიის, აგრეთვე ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობებს.
ასევე 2027 წლის იანვრამდე მიერთებულ ელექტროსადგურის საბოლოო მომხმარებელს მიეცემა შესაძლებლობა, 2033 წლის იანვრამდე ისარგებლოს მიერთების მომენტისათვის მოქმედი პირობებით, რაც მოიცავს წარმოებული და მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვასა და შედეგად ოპერირების მომსახურებებისგან გათავისუფლებას.
ამასთან, ნეტო აღრიცხვის სისტემაში უკვე ჩართული მიკროსიმძლავრეებისთვის არსებული პირობები 2033 წლამდე იგივე დარჩება, ხოლო 2027 წლიდან ახალი მიკროსადგურებისთვისთვის ნეტო დარიცხვის სისტემა იმოქმედებს. თუ ნეტო აღრიცხვის სისტემაში წელიწადში ერთხელ ხდება გაქვითვა და ანგარიშსწორება, ნეტო დარიცხვის შემთხვევაში, ეს ყოველთვიურად განხორციელდება. მომხმარებელი მის მიერ მოხმარებულ ელექტროენერგიაზე გადაიხდის სემეკის მიერ დადგენილი ტარიფით, ხოლო ენერგია, რომელიც მისი ობიექტის მიერ იქნება გამომუშავებული და ქსელში გაშვებული, კომპანიები ყოველთვიურად აუნაზღაურებენ შესაბამისი თანხით.
სანამ ბაზარი ნეტო ბილინგის სისტემაზე გადავა, ნეტო აღრიცხვის სისტემაში ჩართვა და "ენერგო პრო ჯორჯიას" ქსელში ინტეგრაცია შეჩერებულია, რადგან არსებული ლიმიტი ამოიწურა.