ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძე უნდა დასანქცირდნენ. ამასთან, გამოდიან მოწოდებით, შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო და საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს, რომელიც ხალხის ნებას გამოხატავს. ამის შესახებ საუბარია განცხადებაში, რომელიც 5-მა ევროპარლამენტარმა საქართველოზე გაავრცელა. ისინი გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი გაუარესების გამო.
განცხადებაში დაგმობილია ძალადობა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ევროპარლამენტარების შეფასებით, ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართ ბათუმში მომხდარი ძალადობრივი შეურაცხყოფა კიდევ ერთი მაგალითია იმ მზარდი ძალადობისა, რომელიც ორკესტრირებულ იქნა "ქართული ოცნებისა" და მისი მოკავშირეების მიერ მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დისიდენტების წინააღმდეგ.
"ჩვენ ვდგავართ მშვიდობიანი მომიტინგეების გვერდით, რომლებიც 50 დღეა ყოველ საღამოს აწყობენ დემონსტრაციას საქართველოს ქუჩებში საკუთარი ქვეყნის დემოკრატიული და ევროატლანტიკური მომავლისთვის. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში იყო ევროატლანტიკური მისწრაფებების ჩემპიონი, ამ არჩევანის მიმართ ხალხის უდიდესი მხარდაჭერით. ეს არ შეცვლილა. რაც შეიცვალა არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" უარყო ქართველები მათი მომავალი და თავსაც კი აღარ აჩვენებს, თითქოს საქართველოს ევროპული დემოკრატია სურს",- წერია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. ამასთან, განცხადების ავტორები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ.
"ჩვენ ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ ამჟამად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის ქართველი ხალხის ნების ერთადერთი აშკარად ლეგიტიმური წარმომადგენელი. ჩვენ არ ვაღიარებთ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, რადგან ის იყო გაყალბებული და არ იცავდნენ დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, პერსონალური სანქციები დაუწესონ ყველა იმ პირს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის უკუსვლაზე, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს.
ინდივიდუალურ წევრ სახელმწიფოებსა და შესაბამის რეგიონალურ ორგანიზაციებს მოვუწოდებთ, თავი აარიდონ “ქართული ოცნების” თვითგამოცხადებული ოფიციალური პირების აქტიურ ლეგიტიმაციას და ამასთან დაკავშირებით მოვუწოდებთ, შეჩერდეს ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭო. სასწრაფოდ მოვუწოდებთ ვადამდელი არჩევნებისკენ, რომლებიც გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში ჩატარდება, მართული იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ფართო საერთაშორისო დაკვირვებით, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ნამდვილად თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი, რომელიც ქართველი ხალხის ნებას წარმოაჩენს,” - წერია განცხადებაში, რომლის ხელმომწერები არიან: ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობათა დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი, ევროპარლამენტის საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი რასა იუკნევიჩიენე და საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის თავმჯდომარე ანტონიო ლოპეზ-ისტურის უაითი.