საქსტატის ინფორმაციით, მე-3 კვარტალში საქართველოში დასაქმებულად ითვლება ჯამში თითქმის 1.4 მილიონი ადამიანი. აქედან 975.3 ათასი დაქირავებით დასაქმებულია, 418.4 ათასი თვითდასაქმებული, ხოლო უმუშევრად 213.7 ათასი ადამიანი ითვლება. ჯამში სამუშაო ძალა კი 1.6 მლნ ადამიანს შეადგენს. მე-3 კვარტალში ქვეყანაში უმუშევრობის დონე 13.3%-ია.
საქსტატის ცნობით, 2025 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 13.3% შეადგინა.
შემცირებულია სამუშაო ძალის მონაწილეობის დონეც (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში). წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კლება 0.1 პროცენტული პუნქტია და 54.5%-ს შეადგენს.
საქსტატის ინფორმაციით, დასაქმების დონე გაიზარდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 47.3%-ია. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.1 პროცენტული პუნქტით.
2025 წლის III კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 0.9 ათასი კაცით (0.1%) და 975.3 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 14.3 ათასით შემცირდა (3.3%) და 418.4 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 12.1 ათასით (5.4%) და 213.7 ათასი შეადგინა.




























