მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დასაქმებულებს ხელფასის 25%-იანი მატება შევთავაზეთ, მაგრამ მათ კატეგორიული უარი განაცხადეს"

5ce4e801d0e61
BM.GE
22.05.19 10:09
978
შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50%-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.

ამის შესახებ კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სადაც აღნიშნულია, რომ მიუხედავად ამისა, დამსაქმებელმა მაღაროელებს ხელფასის 25%-იანი მატება მაინც შესთავაზა, რაზეც უარი მიიღეს.

„გაცნობებთ, რომ 2019 წლის 21 მაისს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

კომპანია კვლავ მიიჩნევს, რომ მაღაროელების ქმედება არაკანონიერია და სამართლებრივ ჩარჩოებს სცდება, თუმცა სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ხელმძღვანელობამ დასაქმებულებს ხელფასის 25%-იანი მატება, შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ დაგეგმილი რეორგანიზაციის ხარჯზე, მაინც შესთავაზა.

მიუხედავად ამისა, დასაქმებულებმა აღნიშნულ წინადადებაზე კატეგორიული უარი განაცხადეს და უკანონო გაფიცვა გააგრძელეს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ მიიჩნევენ, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 50%-იანი მატების მოთხოვნა არაადეკვატური და რეალობასთან შეუსაბამოა.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, შპს „ჯორჯიან მანგანეზსა“ და პროფკავშირებს შორის კოლექტიური ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც დასაქმებულებს ხელფასი 10%-ით გაეზარდათ. სანაცვლოდ, მათ ვალდებულება აიღეს, რომ კოლექტიური ხელშეკრულების მოქმედების 3 წლის განმავლობაში, ხელშეკრულებით დარეგულირებულ საკითხებზე არ მიმართავდნენ გაფიცვის ფორმას.

დღევანდელი გაფიცვით, დასაქმებულებმა არამხოლოდ კოლექტიური ხელშეკრულების აღნიშნული პირობა დაარღვიეს, არამედ უგულებელყვეს გაფიცვის უფლების კანონიერად გამოყენების შესახებ დადგენილი ყველა ნორმა.

იმისათვის, რომ ორივე მხარისთვის მძიმე შედეგების თავიდან აცილების და ურთიერთსასარგებლო შედეგის მიღწევის შესაძლებლობა შენარჩუნდეს, შპს „ჯორჯიან მანგანეზი” დასაქმებულებს მოუწოდებს, დაუბრუნდნენ სამუშაო ადგილებს, არ აყვნენ დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფის პროვოკაციებს და არ მიაყენონ ზიანი საკუთარი ოჯახების და საწარმოს ინტერესებს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები