ევროპის ქვეყნებში განხორციელებული საერთაშორისო კვლევა ევროსტუდენტი VI-ის მონაცემებით, ქართველ სტუდენტებს დასაქმების საკმაოდ დაბალი მაჩვენებლი აქვთ - მათი 30% არის დასაქმებული დროებით ან მუდმივ სამსახურში. თუმცა, აღსანიშნავია, რომ დასაქმებას სტუდენტის ასაკი მნიშვნელოვნად განსაზღვრავს. საქართველოში კი სტუდენტთა ასაკი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპის ქვეყნებს შორის.
საინტერესოა სტუდენტების სამუშაო სფეროსა და სასწავლო პროგრამის კავშირი - დასაქმებული ქართველი სტუდენტების ნახევარზე მეტისთვის (63%) სამუშაო ახლოს არის მის სასწავლო პროგრამასთან, 37% კი, შესაბამისად, განსხვავებულ სფეროში მუშაობს.
კვლევა „ევროსტუდენტის“ ფარგლებში დასაქმებულმა სტუდენტებმა ასევე, უპასუხეს კითხვას, თუ როგორ უფრო აღიქვამდნენ ისინი თავს - დასაქმებულებად თუ სტუდენტებად. როგორც აღმოჩნდა, ქართველი სტუდენტების 70% თავს პირველ რიგში სტუდენტად მიიჩნევს და შემდეგ დასაქმებულად, 30% კი პირიქით.
სტუდენტთა მუშაობის მიზეზები განსხვავებულია, თუმცა ქართველი სტუდენტების მიერ დასაქმების მიზეზად, უმეტესად, შრომის ბაზარზე გამოცდილების მიღება სახელდება (73,8%). 43,5%-ს მუშაობა საცხოვრებელი ხარჯების დაფარვის გამო უწევს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია სხვა ქვეყნებთან შედარებით; ევროპელი სტუდენტების შედარებით დიდი ნაწილი ასახელებს ამ მიზეზს, როგორც მუშაობის მოტივაციას.
დასაქმებულ ქართველ სტუდენტთა 41,2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას. დასახელებულ მიზეზთა შორისაა სხვებისთვის ფინანსური დახმარების მოტივიც (25,3%), რაც ქართველი სტუდენტების მიერ შედარებით უფრო ხშირად დასახელდა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნების სტუდენტების მხრიდან.
IPM კვლევა

























