საკონსულტაციო სააგენტო PMCG-ის მიერ გამოქვეყნებული დასაქმების თრექერის მიხედვით, სექტემბერში იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც თვიურ ხელფასს იღებდნენ, გაიზარდა.
კერძოდ, დასაქმებულთა რაოდენობა, რომლებიც ყოველთვიურ ხელფასს იღებენ, 2024 წლის სექტემბერში, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.6%-ით, ხოლო 2022 წლის სექტემბერთან შედარებით - 6.7%-ით გაიზარდა.
PMCG-ის კვლევის თანახმად, სექტემბერში დასაქმებულთა 15.5% ₾0-დან ₾600-მდე თვიურ ხელფასს იღებდა, რაც, 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.1 პროცენტული პუნქტითაა შემცირებული, 2022 წლის სექტემბერთან შედარებით კი - 7.4 პპ-ით.
სექტემბერში იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც ₾2400 ან მეტი იყო, დასაქმებულთა 28.0%-ს შეადგენდა. აღნიშნული მაჩვენებელი 5.4 პროცენტული პუნქტით აღემატება 2023 წლის სექტემბრის, ხოლო 9.7 პროცენტული პუნქტით აღემატება 2022 წლის სექტემბრის მაჩვენებლებს.
რაც შეეხება თვიურ ხელფასს, რომელიც ₾9600-ს აღემატება, სექტემბერში ის დასაქმებულთა 2.3%-მა აიღო, 0.4 პპ-ით მეტმა, ვიდრე 2023 წლის სექტემბერში და 0.7 პპ-ით მეტმა, ვიდრე 2022 წლის სექტემბერში.
PMCG-ის კვლევის თანახმად, 2024 წლის II კვარტალში დასაქმებულ ადამიანთა გადანაწილება, სახელფასო კატეგორიების მიხედვით, ასე გამოიყურება:
- 0-600 ლარი - 150 000 ადამიანი;
- 600-1199 ლარი - 224 000 ადამიანი;
- 1200 – 2399 ლარი - 345 000 ადამიანი;
- 2400+ ლარი - 260 000 ადამიანი.