უნგრეთის პრემიერ-მინისტრ, ვიქტორ ორბანის თქმით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ევროინტეგრაციისთვის ძალისხმევის გაწევა კონსტიტუციაში უწერია და ამ პირობებში ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სასაცილოა.
ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ათწლეულის განმავლობაში საქართველო მზად იქნება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის და უნგრეთი ამაში ყველანაირად შეუწყობს ხელს.
„ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, რადგან მეზობელ ქვეყნებში მიმდინარეობს ეს ამბავი. ვიცით ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობის მოყვარე ქვეყანა ევროპაში და ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა თავისი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა. ამიტომ გვესმის გადაწყვეტილება, რაც ქართველმა ხალხმა მიიღო, არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართულებით, ასეა უნგრეთშიც.
მკაფიოდ მინდა ვთქვა, ქართველმა ხალხმა მშვიდობის არჩევანი გააკეთა. მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ალბათ თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროინტეგრაციის ძალისხმევას. ან პირობებში ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება სასაცილოა. ასევე მინდა მივულოცო მთავრობას, რომ იმ პირობებში, როცა თქვენ პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არავის მიეცით საშუალება, საქართველო გადაქცეულიყო მეორე უკრაინად“, - განაცხადა ორბანმა.