მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დასავლეთის სანქციები ინვესტორებს ეუბნება, რომ საქართველოს ბაზარი ახლა გაუგებარია - GEC Consulting

გიორგი სიმონგულაშვილი

ბიზნეს და მენეჯმენტ საკონსულტაციო კომპანია GEC Consulting-ის პარტნიორის შეფასებით, აშშ-სა და ბრიტანეთისგან დაწესებული სანქციები კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ საქართველო დასავლეთისგან იზოლირდება.

როგორც გიორგი სიმონგულაშვილმა „საქმის კურსის“ ეთერში განაცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ დაწესებული სანქციები ინვესტორებისთვის სიგნალია, რომ მათ საქართველოში საკუთარ საქმიანობას გადახედონ.

„სანქციები ქვეყნის იმიჯზე კარგად არ მოქმედებს, თუმცა ეს გამოძახილია იმ პროცესებისა, რაც აქამდე იყო, ანუ ახალგაზრდების დარბევა და დაჭერა. სანქციები პირველი მაჩვენებელია, რომ ჩვენი ქვეყანა ნელ-ნელა დასავლეთისგან პოლიტიკურად და ეკონომიკურად იზოლირდება. სანქციები ინვესტორებს ეუბნება, რომ ეს ბაზარი ახლა გაუგებარია. ამის შედეგები იქნება ის, რომ ინვესტორები დაიწყებენ ჩვენი ბაზრის და აქ მოქმედი კომპანიების გადაფასებას“, - განაცხადა გიორგი სიმონგულაშვილმა.

GEC Consulting-ის პარტნიორის თქმითვე, ქვეყანაში ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარების ფონზე, როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები ინვესტიციების განხორციელებისგან თავს უკვე იკავებენ.

„ამის შედეგი უკვე გვაქვს, ჩვენ რამდენიმე ინვესტორთან ვმუშაობთ და არის პროექტები, სადაც ინვესტორებმა ინვესტიციებისგან თავის შეკავება უკვე დაიწყეს. მე ვსაუბრობ შედარებით მცირე ე.წ. რითეილ ინვესტიციებზე, რომელიც როგორც უცხოელი, ასევე ქართველი ინვესტორებისგან კომპანიებში კეთდებოდა, ამან იკლო, ყველაფერი გაჩერებულია, ბიზნესი ელოდება, რა მოხდება მომავალში“, - განაცხადა გიორგი სიმონგულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები