ათწლეულზე მეტია, ინოვაციებისა და საიმედოობის გზაჯვარედინზე, კომპანია “დასტა რექორდს მენეჯმენტი” ბიზნესებს დოკუმენტების დაარქივებისა და მართვის ყოვლისმომცველ მომსახურებას სთავაზობს. გასული სამი წლის განმავლობაში კი “დასტა” კომპანიებისთვის ოპერაციული ეფექტიანობის მრავალმხრივ პარტნიორადაც იქცა და ბიზნესს მესამე მხარის ლოგისტიკური მომსახურების სრული ციკლი “დასტა 3PL”-ის მეშვეობით შესთავაზა.
2014 წლიდან დღემდე, 150-ზე მეტი კომპანიის პარტნიორობასთან ერთად, “დასტამ” ბიზნესოპერაციების გამარტივებაში, ინფორმაციის დაცვასა და მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციაში სანდო პარტნიორის რეპუტაცია მოიპოვა.
რატომ გადაწყვიტა “დასტამ” სერვისების დივერსიფიკაცია და როგორ პასუხობს ის არქივისა და 3PL მომსახურების სფეროში თანამედროვე გამოწვევებს - საკითხზე “დასტას” გენერალურ დირექტორს, ნინო კუხიანიძეს ვესაუბრეთ.

“დასტა” 2014 წელს დაფუძნდა, როგორც პირველი კომპანია, რომელიც ქართულ ბაზარს დოკუმენტების შენახვის, გაციფრულებისა და მათ შორის, განადგურების პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს - რა საჭიროება დაინახეთ მაშინ მსგავსი კომპანიისა და როგორ აღმოიფხვრა ეს დეფიციტი 10+ წლის შემდეგ?
ჩვენი ინვესტორები ქართველი, ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები არიან, რომლებიც კარგად იცნობდნენ დასავლურ ბაზარზე დამკვიდრებულ დოკუმენტების მენეჯმენტის პრაქტიკას და იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა, რომ საქართველოშიც შექმნილიყო მსგავსი სერვისი. ვისაც კორპორაციულ გარემოში უმუშავია, დარწმუნებული ვარ, აუცილებლად იგრძნობდა არა მარტო დოკუმენტებისგან სივრცის გამოთავისუფლების, არამედ მათი ეფექტური მართვის საჭიროებას. ძალიან ხშირად, თანამშრომლებს უჭირთ შესაბამისი დოკუმენტების დროულად პოვნა.
შესაბამისად, მაშინ, როდესაც მსგავსი მიმწოდებელი საქართველოს ბაზარზე არ არსებობდა, შესანიშნავი იდეა იყო ასეთი კომპანიის დაარსება და ამ პროდუქტის შექმნა. დღეს უკვე ორი უზარმაზარი, 4-სართულიანი საწყობი სრულად სავსეა ჩვენი კლიენტების დოკუმენტებით, რამაც ამ სერვისის საჭიროება დაამტკიცა. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტების უმეტესობა ციფრულ ფორმატში იქმნება, ეს მომსახურება დღემდე აქტუალურია. ჩვენი დახმარების საჭიროებაც, შესაბამისად, კვლავ დგას, რადგან საკუთარი არქივის მართვა ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული - დაწყებული შესაბამისი სივრცის გამონახვით, დასრულებული - საჭირო დროს მათი მოძიებით.
წლების განმავლობაში “დასტამ” 150-ზე მეტი კომპანიის ნდობა მოიპოვა - თქვენი შეფასებით, რა ფაქტორები აღმოჩნდა ამ ნდობის მოპოვებაში ყველაზე კრიტიკული?
ჩვენც ვცდილობთ, რომ შენახვის სერვისი არ იყოს მხოლოდ სასაწყობე მომსახურება, არამედ სრულად ავიღოთ პასუხისმგებლობა კლიენტის დოკუმენტებისა თუ მარაგების მართვაზე. ყოველთვის წინასწარ ვიკვლევთ მათ არქივსა თუ მარაგებს, შევისწავლით ინდივიდუალურ საჭიროებებს, ვაკვირდებით მოთხოვნებს, პროცესების დინამიკას და შეთავაზებაც მათზე მორგებული და მოქნილია. თანამშრომლობის დაწყების შემდეგ კი, კლიენტი თავად შეიგრძნობს “აუთსორსინგის” უპირატესობას; ჩვენ ხომ არ ვთავაზობთ მხოლოდ სივრცეს დოკუმენტებისა თუ ნივთების განსათავსებლად, არამედ ვცდილობთ, კლიენტებს გამოუთავისუფლოს დროც, რომ მეტად იფიქრონ საკუთარი ბიზნესის ზრდაზე.
გარდა ამისა, ჩვენთან კრიტიკულად მნიშვნელოვანია უსაფრთხოება - ჩვენი საწყობი არის მაღალი კლასის და უსაფრთხოების ნორმები მორგებულია ევროპულ სტანდარტებს. გვაქვს 24-საათიანი ვიდეომონიტორინგი, დაცვის სისტემა, შეღწევადობის კონტროლი, სახანძრო უსაფრთხოება, ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი და სხვა. რაც შეეხება ინფორმაციულ უსაფრთხოებას, ვხელმძღვანელობთ ISO სტანდარტებით - ჩვენი სისტემები სრულად დაცულია გარე შეღწევადობისგან. ეს ყველაფერი, ცხადია, იწვევს ნდობას ჩვენი კლიენტების მხრიდან, ხოლო ამ სტანდარტების შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა კიდევ უფრო აძლიერებს მათ ლოიალობას.
როდის გადაწყვიტეთ ბიზნესის დივერსიფიკაცია და დოკუმენტების საარქივო სერვისიდან ლოგისტიკურ/დასაწყობების მომსახურებამდე გაფართოება? რამ განაპირობა ეს გადაწყვეტილება.
ეს ნამდვილად ერთ-ერთი გაბედული და საინტერესო ნაბიჯი იყო ჩვენს კომპანიაში, რომელიც დაახლოებით 3 წლის წინ გადავდგით, როდესაც ავაშენეთ კიდევ ერთი საწყობი და, რაღაც დროის განმავლობაში, თავისუფალი სივრცე გვქონდა ასათვისებელი. ვცდილობთ, მუდამ ვადევნოთ თვალი ლოგისტიკის ბაზარსა და მოთხოვნებს. შესაბამისად, როდესაც გამოჩნდა პოტენციური მომხმარებელი, რომელსაც სჭირდებოდა სასაწყობე ფართი, შეკვეთების აგროვება და მენეჯმენტი, არქივის მიმართულებით ჩვენი გამოცდილების გათვალისწინებით გადავწყვიტეთ, ეს საქმე ჩვენს თავზე აგვეღო. ამ ინიციატივამ გაამართლა; მივხვდით, რომ ეს იყო შესანიშნავი გზა ჩვენი ბიზნესის გასაფართოებლად. ზოგადად, 3PL სერვისი ჯერ კიდევ განვითარების გზაზეა საქართველოში. ეს მომსახურება ბევრად უფრო სრულყოფილია და წინაა ევროპულ თუ ამერიკულ ბაზრებზე. შესაბამისად, ჯერ კიდევ ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, რომ მომხმარებლებს მაქსიმალურად კომფორტული მომსახურება შევთავაზოთ, ამიტომაც, ამ მიმართულებით ზრდის დიდ პოტენციალს ვხედავთ.
ერთი მხრივ დოკუმენტების მართვა/შენახვა, მეორე მხრივ კი პროდუქტის დასაწყობება განსხვავებულ მართვით მიდგომებს, ინფრასტრუქტურასა და პროგრამულ უზრუნველყოფასაც საჭიროებს: როგორ ფარავს კომპანია ამ ორივე სფეროს და რა გამოწვევებს შეხვდით ახალ ბაზარზე შესვლის პირველ ეტაპზე?
სინამდვილეში, მარაგების მართვა ძალიან ჰგავს დოკუმენტების მართვის პროცესს - მოგაქვს, აღრიცხავ ფიზიკურად და პროგრამულად, განათავსებ თაროებზე სისტემატიზებულად, საჭიროებისამებრ ისევ იღებ სასურველ ნივთს, არქივის დროს კი - დოკუმენტს, და აწვდი კლიენტს. რაც მთავარია, კლიენტი შენახვაში იხდის ათვისებული სივრცის და დროის პროპორციულად, ისევე როგორც საარქივო მომსახურებისას. ყველა ის სიკეთე, რასაც ჩვენი მაღალი დონის ინფრასტრუქტურა და მართვის პროცესები სთავაზობს არქივის კლიენტებს, ფაქტობრივად, ავტომატურად ზიარდება 3PL მომხმარებლებთანაც. ცხადია, ეს არ გულისხმობს, რომ 3PL მიმართულება ჩვენგან დამატებით ძალებს არ მოითხოვს. პირიქით, ეს ჩვენთვის იყო და არის სრულიად ახალი გამოწვევა - ყოველდღიურად ვეცნობით ახალი სექტორის წარმომადგენლებს, სრულიად განსხვავებული პროდუქტებით, რომელთაც შესაძლოა სჭირდებოდეთ შენახვის და აგროვების განსხვავებული მეთოდები. ჩვენი ამოცანა კი სწორედ ისაა, რომ ჩვენს თაროებზე სრულად განსხვავებული ტიპის პროდუქტები განვათავსოთ ერთნაირად ეფექტურად და ავაწყოთ მათი მართვის პროცესები, დროის მინიმალური დანაკარგებით.
ქართული ბაზრის შეფასების გათვალისწინებით, რას ხედავთ როგორც “დასტას“ არქივის მიმართულების, ასევე “დასტა 3PL”-ის კონკურენტულ უპირატესობად, რის გამოც მომხმარებელმა ის უნდა აირჩიოს?
ჩვენთან კლიენტი დოკუმენტებისა თუ მარაგების შენახვაში იხდის ათვისებული სივრცისა და დროის პროპორციულად. არსებული მდგომარეობით, იმ ბიზნესებისთვის, რომელთაც მარაგების ბრუნვის მაღალი კოეფიციენტი აქვთ, ერთ-ერთი გამოწვევა სწორედ საწყობის არაეფექტიანი გამოყენებაა. უმეტეს შემთხვევაში მათ უწევთ, გადაიხადონ ქირის ფიქსირებული განაკვეთი, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ფართის ნახევარი ცარიელი იყოს. ეს ცხადია, ზრდის საოპერაციო ხარჯებს. იმ შემთხვევაში კი, თუ თავად ფლობს სასაწყობე ფართს, საკუთარი აქტივების ბრუნვის კოეფიციენტი ასევე არაეფექტურია, რადგან შეიძლება ფართის ნაწილი აუთვისებელი იყოს, განსაკუთრებით, თუ სეზონურ პროდუქტზე ვისაუბრებთ. იგივე ხდება არქივის მიმართულებითაც - ჩვენი გამოცდილებით, დოკუმენტები ორგანიზაციაში ხშირად იკავებს რამდენიმე ოთახსაც კი, როდესაც მათი გამოყენება საკუთარი საქმიანობისთვის უფრო ეფექტურია. "დასტაში" კი იხდი ზუსტად იმდენს, რა ფართსაც აითვისებ.
ციფრული ტექნოლოგიებისა და AI-ს განვითარებასთან ერთად, რა სისტემების დანერგვას განიხილავთ (ან უკვე დანერგეთ) ამ მიმართულებით?
ჩვენი სერვისები სრულად ეყრდნობა ტექნოლოგიებს. ფაქტობრივად, ამის გარეშე წარმოუდგენელია. ეს პირველ რიგში გვეხმარება თავად ჩვენ, რომ ეფექტურად ვმართოთ ბიზნესი და ასევე უპირატესობას წარმოადგენს ჩვენი კლიენტებისთვისაც, რადგან უადვილებს მათ ჩვენთან კომუნიკაციასა და თავიანთი აქტივების კონტროლს. არქივის მიმართულებით გვაქვს ექსკლუზიურად ჩვენი კლიენტებისთვის შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სრულად მორგებულია მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს - აქ ხდება დოკუმენტების რეგისტრაცია და სრული მონიტორინგი. 3PL მიმართულებით კი წელს გადავდგით ყველაზე დიდი ნაბიჯი და დავნერგეთ ერთ-ერთი წამყვანი ევროპული ERP სისტემა, რომლის მარაგების მართვის მოდული იმდენად მოერგო ჩვენს პროცესებს, რომ აბსოლუტურად ჩაანაცვლა სტანდარტული WMS სისტემები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში არაეფექტურად კომპლექსურია. ჩვენ, რა თქმა უნდა, აქ არ ვჩერდებით, კიდევ დიდი გეგმები გვაქვს, რომ განვაგრძოთ დეველოპმენტი ამ მიმართულებით, ჩავრთოთ AI, რათა სრულად კომფორტული გავხადოთ სისტემა პირველ რიგში კლიენტებისთვის და ცხადია, ჩვენთვის.
როგორ ხედავთ დოკუმენტების მართვისა და ლოგისტიკის ინდუსტრიების განვითარებას მომდევნო ათწლეულში?
ლოგისტიკის ინდუსტრია მომდევნო ათწლეულში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მიმართულება იქნება საქართველოში. ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, რეგიონულ ჰაბად ქცევის რეალური პოტენციალი და ციფრული პლატფორმების განვითარება გვაძლევს საშუალებას, მნიშვნელოვნად გავზარდოთ 3PL მომსახურების ხარისხი და მოცულობა. დოკუმენტების მართვის სექტორში კი ტრანსფორმაცია გაგრძელდება. აქცენტი კვლავ რჩება უსაფრთხოებაზე და პროცესების ოპტიმიზაციაზე. კომპანიებს სჭირდებათ სანდო პარტნიორები, რომლებიც ფიზიკურ არქივსაც და ციფრულ პლატფორმებსაც ერთიან ეკოსისტემად გადააქცევენ. შესაბამისად, ზრდის ტემპი შეიძლება იცვლებოდეს, მაგრამ მომსახურების ღირებულება და როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
რა არის “დასტას“ სამომავლო გეგმები, რომელთა დაანონსებაც უკვე შეგვიძლია - როგორ ხედავთ კომპანიის ოპერირებას როგორც ეროვნულ, ასევე რეგიონულ ჭრილში.
ჩვენი 3PL მიმართულება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, ვსწავლობთ, ვიკვლევთ და ვავითარებთ ამ ბიზნესს, თუმცა დიდი ნაბიჯებით, სტაბილურად მივიწევთ წინ. უახლოესი მიზანი სწორედ ისაა, რომ სრულვყოთ ჩვენი სერვისები, რომ საქართველოს ბაზარზეც შეძლონ კომპანიებმა იმ სარგებლის მიღება ამ მომსახურებიდან, რასაც სთავაზობენ სხვა განვითარებული ქვეყნები. ამის პოტენციალი ნამდვილად დიდია. ზრდასთან ერთად, ცხადია, იგეგმება ფიზიკური გაფართოებაც, ჩვენთვის ასევე საინტერესოა სხვა ტიპის სასაწყობე ფართების მოწყობაც. ასე რომ, წინ ნამდვილად ბევრი გეგმაა, რასაც ნაწილობრივ სიურპრიზად დავტოვებ.
3PL მომსახურების შესახებ დეტალურ ინფორმაციას "დასტას" ვებგვერდზე გაეცნობით.

























