დღეიდან თბილისის ცენტრალურ უბნებში ქვეითი დასუფთავების ინსპექტორები გამოჩდნენ, რომლებსაც უფლება ექნებათ, ფიზიკური და იურიდიული პირები ნარჩენების დაყრისთვის დააჯარიმონ. შპს ’’თბილსერვის ჯგუფის“ ინფორმაციით, დედაქალაქში სულ 20 ინსპექტორი იმოძრავებს და ისინი პატრულირებას, ძირითადად, ცენტრალურ ქუჩებში დაიწყებენ, - თემის დეტალებით ’’საქმის კურსთან“ ’’თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორის პირველი მოადგილე დავით დოლიძე საუბროს.
-ბატონო დავით, დასუფთავების ინსპექტირების ინსტიტუტი ამოქმედდა, რამდენი ჯგუფი მუშაობს თბილისში და რომელ რაიონებში იქნებიან ისინი გადანაწილებული?
-’’თბილსერვის ჯგუფის“ დასუფთავების ინსპექციამ მუშაობა დაიწყო. ეს პირველ ეტაპზე 20 ადამიანისგან დაკომპლექტებული ათი ჯგუფი იქნება და თითოეულ ჯგუფში ორი ადამიანი იქნება. ინსპექტირება დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში განხორციელდება ჯერჯერობით ყველა პარკში, სკვერში და ტურისტულ ზონებში. ჩვენ ქალაქის ყველა ცენტრალურ ნაწილს მოვიცავთ.
-რა სახის დარღვევები უნდა დააფიქსიროს დასუფთავების ინსპექტორმა?
-ეს იქნება სამშენებლო ნარჩენი და ასევე საყოფაცხოვრებო ნარჩენები. ჩვენ ორიენტირებული ვიქნებით საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაჯარიმებაზე, რაც ჩვენდა სამწუხაროდ ძალიან ხშირად გვხდება. მოქალაქეები ტერიტორიებს აბინძურებენ და აქედან გამომდინარე, 2 კილოგრამამდე ნარჩენზე არის 80 ლარის ოდენობის ჯარიმა, 2 კილოგრამზე მაღლა არის 150 ლარი, შენობa-ნაგებობიდან გადმოგდებულ 2 კილოგრამამდე ნარჩენზე 100 ლარია, ხოლო 500 ლარია 2 კილოგრამზე ზევით.
-ინსპექტორები ვიდეო კამერებით ხომ არ არიან აღჭურვილები ?
-ჩვენი თანამშრომლები სრულად აღჭურვილები იქნებიან. მათ ექნებათ სამხრე კამერები, ფოტო აპარატები და სამართალდარღვევას დააფიქსირებენ. ჯარიმების დაწერას რაც შეეხება, დღეიდან ორი კვირის განმავლობაში ამ ყველაფერს გამაფრთხილებელი ხასიათი ექნება. ჩვენ მოსახლეობას პირველი ორი კვირის განმავლობაში არ დავაჯარიმებთ, არამედ მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათ გარემო არ დაანაგვიანონ, არამედ პირიქით ერთად უნდა ვიზრუნოთ გარემოს დასუფთავებაზე. ასე, რომ პირველი ორი კვირა პრევენციის სახით გავაფრთხილებთ მოსახლეობას იმის შესახებ, რომ ზუსტი ინფორმაცია ქონდეთ ჯარიმებზე, თუ რა სახის სანქციები იმოქმედებს მათზე.
-მოსახლეობას დამატებითი ინფორმაციის მოძიება სად შეუძლია და პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში მოქალაქეებმა ვის და სად უნდა მიმართონ?
-მოსახლეობას ჩვენ 24 საათის განმავლობაში შეუძლია, რომ მოგვმართოს. ჩვენს მიერ ინფორმაციის გავრცელება და აქტიური კამპანია უკვე დაახლოებით 20 დღეა მიმდინარეობს და ძალიან ბევრი ადამიანისგან სხვადასხვა სახის შეკითხვებს ვღებულობთ, რაზეც ვცდილობთ, მაქსიმლაურად ამომწურავი პასუხი გავცეთ. პირველი ორი კვირის განმავლობაში ჩვენი ინსპექტორებიც სპეციალური ფლაერებით ივლიან დედქალაქის ქუჩებში და მოსახლეობას აუხსნიან თუ რა სახის ჯარიმები იმოქმედებს მათზე და რა შემთხვევაში დაიწერება მათზე სამართალდამრღვევი ოქმი. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ის დღე, როდესაც დაიწყება აღნიშნული ჯარიმების ამოქმედება და ეს სანქციები ძალაში შევა, ამ დროისთვის მოსახლეობა კარგად ინფორმირებული იყოს. ჯერჯერობით, ჩვენდა საბედნიეროდ მოსახლეობა ამ სიახლეს დადებითად ხვდება, უკმაყოფილრბას ადგილი აქრ აქვს და პირიქით, ისინი ჩვენს ინსპექტორებს გვერდში უდგანან.
-როგორც ვიცით, ინსპექტორებმა სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს, იგეგმება და გრძელდება თუ არა დამატებით ინსპექტორების აყვანა და თბილისის უფრო მასშტაბით მოცვა?
-გადამზადების კურსი დაახლოებით 20 დღის განმავლობაში მიდმინარეობდა, რა თქმა უნდა, ეს სამუშაო პროცესია და ყოველდღიურად გაგრძელდება. დამატებას რაც შეეხება, ჯერჯერობით ამ ეტაპზე არ განვიხილავთ, თუმცა ვინაიდან ქალაქი დიდია და მის სრულად მოცვას 20 ინსპექტორი არ ეყოფა, ამიტომ ჩვენ ჩვენს ხელმძღვანელობასთან შეთანხმების საფუძველზე პირველი სამი თვის შემდეგ, გადავხედავთ თუ რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ჰქონდა აღნიშნულ სამსახურს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ, ღირს თუ არა ინსპექტორების დამატება.

























