მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დათა ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე წლევანდელ EuroNASCAR-ში იასპარეზებენ

დათა ქაჯაია / სანდრო თავართქილაძე

ქართველი ავტომრბოლელები, დათა ქაჯაია და სანდრო თავართქილაძე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წრიული რბოლის, ამერიკული NASCAR-ის ევროპული შეჯიბრების, EuroNASCAR-ის პილოტები გახდებიან. პრესტიჟული სპორტული შეჯიბრებაში ასპარეზობის უფლება ქართველებმა მას შემდეგ მოიგეს, რაც იტალიურ კრემონას სარბოლო ტრასაზე წლევანდელ წინასასეზონო ტესტებზე პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

დათა ქაჯაია “პრო” კატეგორიაში იასპარეზებს, ხოლო სანდრო თავართქილაძეს “ღია” კატეგორიაში ვიხილავთ. წლევანდელი EuroNASCAR-ის ფარგლებში შვიდი გრანპრი ჩატარდება, რომელთაც ესპანეთის, გაერთიანებული სამეფოს, ბელგიის, ნიდერლანდების, იტალიის, გერმანიის და ჩეხეთის შვიდი ისტორიული სარბოლო ტრასები უმასპინძლებენ. EuroNASCAR-ის ტიპურ რბოლას საშუალოდ 24,000 მაყურებელი ესწრება, ხოლო თავად ღონისძიება ამერიკული ელემენტებითაა დახუნძლული.

პილოტებისა და გუნდებისთვის ორგანიზატორებმა წელს €250,000-იანი საპრიზო ფონდი გამოჰყვეს. “ღია” კატეგორიის გამარჯვებული €25,000-ის ღირებულების პრიზს მიიღებს, ხოლო “პრო” კატეგორიის ჩემპიონი €50,000-იან ფულად პრიზთან ერთად NASCAR-ის დიდების დარბაზში შევა. EuroNASCAR-ში მონაწილეობით, პილოტს შეუძლია სახელი გაითქვას და ამერიკულ NASCAR-ში მოხვდეს — ამ დრომდე, ამერიკულ რბოლაში ევროპული შეჯიბრების მონაწილე 35 მრბოლელი ვიხილეთ.

პრესტიჟულ ევროპულ სარბოლო შეჯიბრებაში მონაწილეობის შესახებ დათა ქაჯაიამ TECH INFORM-ში ისაუბრა. ავტომბროლელის შეფასებით, EuroNASCAR-ში მიღებული გამოცდილება არ ჰგავს არაფერს, რაც მას ამ დრომდე გამოუცდია, რადგან ავტომობილი, ისევე, როგორც ტრასა, რომელზედაც ის დადის — თავისებურია. დათა ქაჯაია ამბობს იმასაც, რომ ორივე ქართველი პილოტი პოდიუმისთვის იბრძოლებს.

“NASCAR-ის ავტომობილი ამერიკული ოვალური ფორმის ავტოდრომისთვისაა შექმნილი, ხოლო ევროპაში იგივე ავტომობილებს სხვადასხვა სირთულის ჩვეულებრივ სარბოლო ტრასებზე ატარებენ — იქ, სადაც, მაგალითად, Formula 1-ის რბოლები იმართება. შედეგად, შეგრძნებების დონეზე ავტომობილი. თავისებური სატარებელია.

თანამედროვე მანქანისგან განსხვავებით, NASCAR-ის ბოლიდში არ არის დამხმარე სისტემები — ავტომობილს არ აქვს მოცურების საწინააღმდეგო სისტემა და უყენია მაღალი და განიერი საბურავები, ანუ მანქანის მართვა თავისებურია. ვისიამოვნე, რადგან ავტოსპორტში გატარებული ამდენი წლის შემდეგ ჯერაც მაქვს ახალი გამოცდილების მიღების საშუალება.

პირველი ეტაპი აპრილში შედგება, სულ კი შვიდი ეტაპი გაიმართება. ახლა უკვე ვიცით, თუ რა მანქანით ვიასპარეზებთ, ამიტომაც შეჯიბრებისთვის სიმულატორის დახმარებითაც მოვემზადებით. შეგრძნებების დონეზე სიმულატორი რეალობის იდენტური ასლი არ არის, მაგრამ მისი დახმარებით კონკრეტულ ავტოდრომზე არსებულ სამუხრუჭე და აჩქარების წერტილებს და მოხვევის ტრაექტორიას ვისწავლით”, — განაცხადა ავტომრბოლელმა TECH INFORM-ში.

BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას დათა ქაჯაიამ წინასასეზონო მომზადებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ტესტებისთვის სპორტსმენები განსაკუთრებულად არ მომზადებულან, ხოლო თავად ის NASCAR-ის ავტომობილში პირველად ჩაჯდა.

“რეალურად, ტესტი იმართება იმისთვის, რომ პილოტი სარბოლო სეზონისთვის მოემზადოს, მაგრამ ტესტში მონაწილეობა მოუმზადებლად მივიღე. ზუსტად არ ვიცოდი, რა მანქანა დამხვდებოდა, სიმულატორში მაინც რომ მევარჯიშა. NASCAR-ის მანქანები ბევრნაირია და ვიფიქრე, ჯერ რეალური გამეტესტა და სიმულატორისთვის მხოლოდ შემდეგ მიმემართა.

სარბოლო ტესტები სხვადასხვა სესიებისგან შედგება. ჩვენ სამი 20-წუთიანი გასვლა გვქონდა. პირველ ოცი წუთის მანქანის მისაჩვევად და გასაცნობად, ლიმიტების გასაგებად იყენებ. შემდეგი ორი 20-წუთიანი მონაკვეთი კი იმისთვისაა, რომ მანქანის პარამეტრებს ალღო აუღო და საუკეთესო დრო დააფიქსირო.

სატესტო რბოლა კარგად გამოგვივიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად ერთპიროვნული ლიდერები ვიქნებით. სატესტო რბოლაზე ყველა პილოტი საკუთარ პოტენციას სრულად არ ამჟღავნებს, ზოგიერთი საიდუმლოებს და შესაძლებლობს მალავს, რათა ისინი რბოლის დროს გამოიყენოს. თუმცა ტესტის შედეგები ცალსახად ნიშნავს იმას, რომ კონკურენტუნარიანები ვიქნებით და პოდიუმისთვის ვიბრძოლებთ”, — განაცხადა დათა ქაჯაიამ TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები