26-28 ნოემბერს თბილისში მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი DataFest Tbilisi მეათედ გაიმართება. ფესტივალის პროგრამა აერთიანებს ტექნოლოგიებს, ბიზნესს, ჟურნალისტიკას, ადამიანის უფლებებს, დიზაინს, ხელოვნებას – ყველა იმ სფეროს, რომლებზეც ტექნოლოგიური ცვლილებები განსაკუთრებულად აისახება.
საზოგადოებრივი მიმართულება: ვის ეკუთვნის ხელოვნური ინტელექტი?
ფესტივალის პირველი დღე ტექნოლოგიური ძალაუფლებისა და AI-ზე კონტროლის საკითხებით დაიწყება.
დღეს ყველაზე გავლენიანი AI მოდელების განვითარებას რამდენიმე მსხვილი კომპანია განსაზღვრავს. მაგრამ რამდენად სამართლიანია, რომ ტექნოლოგიის მომავალი მხოლოდ მათ გადაწყვეტილებებზე იყოს დამოკიდებული, შედეგები კი ყველა ჩვენგანზე აისახებოდეს?
პიმ ჰასელაგერი, რადბაუდის უნივერსიტეტის პროფესორი, მთავარი სცენიდან ისაუბრებს, რა მნიშვნელობა აქვს და არის თუ არა რეალისტური, დიდი ტექნოლოგიური კომპანიებისა და გეოპოლიტიკური ინტერესების ფონზე, ხელოვნურ ინტელექტზე ადამიანის კონტროლი შენარჩუნდეს.
საზოგადოებრივი მიმართულება მხოლოდ ხელოვნური ინტელექტის თემებს არ ეხება. აქ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ღია მონაცემებს, ალგორითმულ ანგარიშვალდებულებას, მონაცემთა ცენტრებს, მასობრივ ტექნოლოგიურ მიყურადებას, ინფორმაციის სანდოობასა და ტექნოლოგიების გავლენას ადამიანის უფლებებზე.
მაგალითად, ერთ ერთი სესია შეეხება საკითხს, თუ როგორ შეიძლება გენერაციულმა AI-მ დეზინფორმაციული ნარატივები გაიმეოროს ან გააძლიეროს. მონაწილეები ასევე გაეცნობიან, როგორ იყენებენ AI-ს ახალი ამბების რედაქციაში ისე, რომ ჟურნალისტური გადაწყვეტილებები ადამიანის ხელში დარჩეს.
ეს მიმართულება სასარგებლო იქნება ყველასთვის, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიების გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე, საზოგადოებების მომავალსა და დემოკრატიაზე, ზოგიერთი სესია კი განსაკუთრებით დააინტერესებს მკვლევრებს, ჟურნალისტებსა და სამოქალაქო საზოგადოებას.
როგორ იქმნება ტექნოლოგიები, რომლებიც რეალურად მუშაობს
მონაცემთა დამუშავების სისტემამ შეიძლება ყველა ტექნიკური შემოწმება წარმატებით გაიაროს, მაგრამ საბოლოო ანალიზი მაინც არასწორი აღმოჩნდეს. ზოგჯერ პრობლემა მონაცემებში იმალება, ზოგჯერ – მოდელის მუშაობაში, ზოგჯერ კი – ისეთ დეტალში, რომელსაც სტანდარტული ტესტები ვერ ამჩნევს.
DataFest Tbilisi-ის ტექნოლოგიური მიმართულება სწორედ ასეთ პრაქტიკულ გამოწვევებს იკვლევს. მონაწილეები გაეცნობიან, როგორ აღმოაჩინონ მონაცემებში დამალული შეცდომები და გადაამოწმონ ერთი შეხედვით დამაჯერებელი შედეგები; როგორ შექმნან AI აგენტები, შეასრულონ GPU გამოთვლები, გაერკვნენ მანქანური სწავლების მოდელების მუშაობის თავისებურებებსა და მონაცემთა ბაზების ტესტირებაში.
ტექნოლოგიურ მიმართულებაში ადგილობრივ გამოწვევებსაც ეთმობა ადგილი; როგორ შეიძლება AI სისტემების შექმნა ქართული ენის, ხელნაწერების, ტრადიციული მუსიკისა და სხვა ისეთი მასალებისთვის, რომლებზეც მზა მონაცემები და ინსტრუმენტები შეზღუდულია და რა უნდა გააკეთოს დეველოპერმა, როდესაც პროექტის დასაწყებად საჭირო მონაცემები საერთოდ არ არსებობს?
ეს მიმართულება გათვლილია პროგრამისტების, მონაცემთა ინჟინრების, მონაცემთა მეცნიერების, მანქანური სწავლების სპეციალისტების, ტექნიკური გუნდებისა და სტუდენტებისთვის, რომლებსაც თანამედროვე ტექნოლოგიების შექმნა და განვითარება აინტერესებთ.
AI-ის შესაძლებლობებიდან რეალურ ბიზნესშედეგებამდე
AI-ის დანერგვა კომპანიებისთვის სულ უფრო ხელმისაწვდომია, თუმცა ტექნოლოგიის გამოყენება და მისი საშუალებით ბიზნესღირებულების შექმნა ერთი და იგივე არ არის.
ბიზნესისა და სტარტაპების მიმართულება პრაქტიკულ შედეგებზეა ორიენტირებული. რეალური კომპანიების გამოცდილებაზე დაფუძნებული სესიები განიხილავს, რატომ შეიძლება დროულად დანერგილი, „საკმარისად კარგი“ AI გადაწყვეტა უფრო წარმატებული აღმოჩნდეს, ვიდრე იდეალური პროდუქტის შექმნის ხანგრძლივი მცდელობა.
პროგრამა მოიცავს სესიებს ციფრული ტრანსფორმაციის ორგანიზაციულ გამოწვევებზე, მონაცემებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებზე, ფინანსურ ანალიზსა და მომხმარებელთან კომუნიკაციის ავტომატიზაციაზე.
პროგრამაში წარმოდგენილია მონაცემების დამოუკიდებელ პროდუქტად ქცევის, SaaS სერვისების შექმნისა და რეგიონულ ტექნოლოგიურ ბაზრებზე გასვლის გამოცდილებაც.
ეს მიმართულება დააინტერესებს მეწარმეებს, სტარტაპების დამფუძნებლებს, ბიზნესის ხელმძღვანელებს, პროდუქტის მენეჯერებს, ფინანსებისა და მარკეტინგის სპეციალისტებს და ყველა ორგანიზაციას, რომელიც მონაცემებისა და AI-ის გამოყენებით საქმიანობის გაუმჯობესებას ცდილობს.
როგორ ცვლის ტექნოლოგიები შემოქმედებით სამქიანობას
DataFest Tbilisi 2026-ის დიზაინის, ხელოვნებისა და კომუნიკაციის მიმართულება მონაცემთა ვიზუალიზაციას, ჟურნალისტიკასა და შემოქმედებით ტექნოლოგიებს აერთიანებს.
როიტერსის ინფორმაციის დიზაინერი ისაუბრებს, როგორ შეიძლება მონაცემებზე დაფუძნებული მასალა აუდიტორიისთვის საინტერესო გამოცდილებად იქცეს. მის პრაქტიკულ სესიაზე მონაწილეები საკუთარი ვიზუალიზაციების გაუმჯობესებაზე იმუშავებენ.
დამსწრეები ასევე გაეცნობიან, როგორ შეიძლება ინფორმაცია ეკრანს გასცდეს და გამოფენის ან ინსტალაციის ნაწილად იქცეს. ან როგორ შეიძლება AI-ით შექმნილი გამოსახულებებისგან ემოციური ვიზუალური ისტორიების აგება და ელექტრონული ტექსტილის გამოყენება, რომელიც შეხებას ციფრულ სიგნალად გარდაქმნის.
ეს მიმართულება გამოადგებათ დიზაინერებს, ჟურნალისტებს, მონაცემთა ვიზუალიზაციის სპეციალისტებს, ხელოვანებს, კონტენტის შემქმნელებს და კომუნიკაციის პროფესიონალებს.
DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში პირველი და ყველაზე დიდი ყოველწყლიური კონფერენციაა მონაცემების შესახებ. ფესტივალი პირველად 2017 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად საქართველოს დედაქალაქს მონაცემებისა და ტექნოლოგიების რეგიონულ ჰაბად აქცევს. ფესტივალი წელს საიუბილეი, მეათე გამოშვებას აღნიშნავს.
DataFest Tbilisi-ს ორგანიზებას ForSet უწევს.
მთავარი პარტნიორები: გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, Loialté, DataMind, IBCCS TAX Georgia
პარტნიორები: ევროკავშირი საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), UN Joint Programme for Gender Equality, შვედეთის საელჩო თბილისში, ნორვეგიის სამეფოს საელჩო თბილისში, SocialLab, EPAM, SmartCLM
მხარდამჭერები: Terminal, IMPEL, Techweiz, CyberHUB, AVEO, PowerDataChat
ქომუნითი პარტნიორი: GAIA, მედიის განვითარების ფონდი (MDF), GeoLab, Smart Academy, Tbilisi School Of Communication, GeoSTQB, Tbilisi AI Meetups, საქართველოს კარიტასი, Axel - Georgia's largest Business Angel Network, საქართველოს რობოტიკის ასოციაცია (GRA), ჩეხეთის ცენტრი თბილისში,
მედიაპარტნიორები: BMG, On.ge, NEXT.On.ge, Formula, Business Formula, IPN.ge, BPN.ge, Marketer, AT.ge, Georgia Today, AINews.ge
დამატებითი ინფორმაცია: https://www.datafest.ge/





















