მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

DataMind - ქართული კომპანია, რომელიც ბანკებისთვის მონაცემთა ერთიან საცავს ქმნის | 500 Georgia Demo Day

649d3f7db9b69
BM.GE
29.06.23 16:05
470
სტატიაში საუბარია:

გასულ წელს, ჩვენ გამოვიმუშავეთ 1 მილიონ დოლარზე მეტი, თუმცა ჩვენ ჯერ ახლა ვიწყებთ, - ამის შესახებ ქართული ტექნოლოგიური სტარტაპის, DataMind-ის დამფუძნებელმა, ირაკლი ბიწკინაშვილი განაცხადა, რომელიც დღეს, 29 ივნისს, 500 Georgia-ს Demo Day-ზე ინვესტორებისა და მაყურებლების წინაშე წარსდგა. DataMind-ის მიზანია ბანკებისთვის შექმნას ერთიანი მონაცემთა საცავი, რომელიც მას კომპლექსური ანალიტიკის შესაძლებლობას მისცემს.

“კვლევების მიხედვით, საკუთარი IT-მიმართულების ბიუჯეტის საშუალოდ 35%-ს ბანკი მონაცემების მენეჯმენტზე ხარჯავს. ჩვენ სწორედ იმ ბანკებსა და ფინანსურ ინსტიტუტებს ვეხმარებით, რომელთაც მონაცემების შენახვა, გაერთიანება და ანალიზი უჭირთ - მათთვის მონაცემთა ერთიან საცავს ვქმნით, რაც კლიენტის სხვადასხვა მონაცემთა ბაზიდან ინფორმაციის ერთიან საცავში გადმოტანას გულისხმობს, რაც ბანკებს კომპლექსური ანალიტიკის შესაძლებლობას აძლევს”, - აღნიშნავს რატი კუნჭულია და დასძენს, რომ მონაცემთა საცავის გარდა, DataMind-ი მომხმარებლებს რისკების მენეჯმენტის, მოგებიანობის ანალიზის, მარეგულირებელთან შესაბამისობის რეპორტინგისა და საბონუსე სისტემის ავტომატიზაციის სერვისებს სთავაზობს.

კითხვაზე, თუ როგორ მივიდნენ DataMind-ის დამფუძნებლები სტარტაპის შექმნამდე, ირაკლი ბიწკინაშვილი აღნიშნავს, რომ ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა დამფუძნებლები საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკში, მონაცემთა საცავის დანერგვის პროცესზე მუშაობდნენ. “პროცესში გამოჩნდა, რომ მონაცემთა საცავის დანერგვა საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური პროცესი იყო. ამასთან, ის ვენდორის მხრიდან მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსს, ხოლო ბანკის მხრიდან ბიზნეს მითითებას საჭიროებს. იდეის სისრულეში მოყვანას ორი წელი დასჭირდა”, - ამბობს ირაკლი ბიწკინაშვილი.

DataMind-ის დამფუძნებლების შეფასებით, მათი სტარტაპი ყოველდღიურად ვითარდება, მაგრამ ეს არ მოიცავს მხოლოდ ახალ პროექტებსა და კლიენტთა ბაზის რაოდენობის ზრდას. “ჩვენი გუნდი, ყოველდღიურად, ახალი პროდუქტის - SaaS-მონაცემთა საცავის პლატფორმის შექმნაზე მუშაობს, რომელიც დაფუძნების დღიდან მთავარ ამოცანად გვქონდა მოაზრებული. გუნდის განვითარების პარალელურად, ჩვენი ჩართულობა გაიზარდა და შესაბამისად, ამ ეტაპზე, სტარტაპი ახერხებს, რომ მსხვილ ბიზნესს სერვისი და ტექნიკური მხარდაჭერა მიაწოდოს, პროცესები აკონტროლოს და შესაბამისად, SaaS-მოდელი სრულად განავითაროს”, - აღნიშნავს DataMind-ის დამფუძნებელი, ირაკლი ბიწკინაშვილი.

ცნობისთვის: 500 Global-ი გლობალური ვენჩურული კაპიტალის კომპანიაა, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპში მყოფ ტექნოლოგიურ სტარტაპებში ინვესტირებს. დაფუძნების შემდეგ, 500 Global-მა 81 ქვეყანაში დაფუძნებულ 2700-ზე მეტ კომპანიაში განახორციელა ინვესტიცია - ამათგან, 45 კომპანიის ღირებულება $1 მილიარდს, ხოლო 150-ზე მეტი კომპანიის ღირებულება $100 მილიონს აღემატება. 500 Global-ი კავკასიაში 500 Georgia-ს სახელით, საქართველოს ბანკთან და საქართველოს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს (GITA) თანამშრომლობით ხორციელდება. 500 Georgia-ს მიზნებს შორისაა საქართველოს სტარტაპ-ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ-კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირება. 

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები