მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია, ამერიკული Amazon-ი ხელოვნური ინტელექტისა და მონაცემთა დამუშავების მიმართულებით საკუთარი პოზიციების გამყარებას განაგრძობს, რისთვისაც, მომდევნო თხუთმეტი წლის განმავლობაში, დატაცენტრებში $150 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს. ეს გადაწყვეტილება, უმეტესწილად, ქლაუდ-სერვისების მსოფლიოს უდიდეს მიმწოდებელს - Amazon Web Services-ს უკავშირდება, რომელიც, ბოლო წლებში, ჯეფ ბეზოსის კომპანიის საყრდენად ჩამოყალიბდა. დღეს, AWS-ი გლობალური ქლაუდ-ინდუსტრიის ჭეშმარიტი ლიდერია, ხოლო საბაზრო წილი, რომელსაც ის ფლობს, თითქმის ორჯერ აღემატება Microsoft-ის ქლაუდ-მიმართულებას, რომელიც ამ რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს.
საყურადღებო კი ის არის, რომ გასულ წელს, AWS-ის შემოსავლის ზრდა რეკორდულად შემცირდა და დატაცენტრებში განსახორციელებელი ინვესტიცია, სავარაუდოდ, სწორედ ამ ტენდენციის შემოტრიალებას ემსახურება. როგორც ირკვევა, ეს ინვესტიცია მოხმარდება, როგორც Amazon-ის არსებული დატაცენტრების განვითარებას, ასევე ახალი ტექნოლოგიური ჰაბების მოწყობას, რომელთა შექმნა შტატ მისისიპიში, საუდის არაბეთსა და მალაიზიაში იგეგმება.
თუმცა ქლაუდ-სერვისების განვითარებასთან ერთად, როგორც ცნობილია, დატაცენტრების გამოყენება ხელოვნური ინტელექტის გამოსაკვებადაც შეიძლება, ხოლო ეს მიმართულება, ბოლო წლებში, გლობალური ტექნოლოგიური კომპანიების ერთ-ერთ საყრდენად იქცა. დღეს, ამ მიმართულებით ჭეშმარიტ ლიდერებად Microsoft-ი და Google-ი ითვლებიან, მაგრამ მათთან ჩამორჩენას არც ჯეფ ბეზოსის საერთაშორისო კონგლომერატი აპირებს. Amazon-ი, მოგეხსენებათ, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.876 ტრილიონს შეადგენს.