მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“დათო ბაბუას სათამაშოები” - ხისგან დამზადებული სათამაშოები წალენჯიხიდან

5f6cc597a9f58
ნუცა ბაზლიძე
24.09.20 23:00
2344
„დათო ბაბუას სათამაშოები“ ხისგან დამზადებულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას მოიცავს, რომლის დამზადებისთვისაც საღებავები არ გამოიყენება. ამის შესახებ BM.GE-ს ბრენდის დამფუძნებელმა დავით მოსიძემ განუმარტა.

როგორც ის აღნიშნავს, სათამაშოების დამზადებისას რამდენიმე სახეობის ხეს იყენებს, ამიტომ პროდუქცია სხვადასხვა ფერის დეტალებისგან შედგება.

„დათო ბაბუას სათამაშოები“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მიქავაში, სახელოსნოში მზადდება და წარმოების პროცესში დავით მოსიძესთან ერთად, მისი 3 მოსწავლეა ჩართული.

დავით მოსიძის განმარტებით, ბრენდი დაახლოებით 2 წელია არსებობს, თუმცა სახელოსნოში ხესთან მუშაობა მისთვის სიახლე სულაც არ არის. მისი განმარტებით, მან ჯერ კიდევ ბრენდის დაარსებამდე მიიღო 5 000 ლარიანი დაფინანსება სააგენტოსგან „აწარმოე საქართველოში“, ხოლო შარშან კი USAID Zrda-სგან 10 000 ლარით დაფინანსდა.

როგორც გავარკვიეთ, პროდუქცია ონლაინ რეალიზდება და დანიშნულების ადგილამდე ფოსტის საშუალებით აღწევს. დავით მოსიძის განმარტებით, ონლაინგაყიდვებთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების მოგვარების თვალსაზრისით, მას „ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს“ პროგრამა „ინტერნეტი განვითარებისთვის“ დაეხმარა და სწორედ მათი მონაწილეობით შეირჩა ბრენდის სახელიც.

განვითარებისთვის საჭირო უნარების მიღების თვალსაზრისით, დავით მოსიძე ზუგდიდის ტექნოპარკის როლსაც აღნიშნავს, – “ვცდილობ ცოდნის გაღრმავებას; ამ ეტაპზე, ონლაინტრენინგში ვმონაწილეობ“, - დასძენს ის.

როგორც დავით მოსიძე ამბობს, პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია. რაც შეეხება ფასს, მისი განმარტებით, მინიმალური ღირებულება 5-8 ლარს, მაქსიმალური კი, უკვე კომპლექტის შემთხვევაში, დაახლოებით, 35-40 ლარს აღწევს.

გეგმებზე საუბრისას კი, დავით მოსიძე აღნიშნავს, რომ მოიაზრება საწარმოს განვითარება და მის ფარგლებში დამატებით 2-3 ადამიანის დასაქმება. ამასთან, ის დასძენს, რომ იგეგმება, მეტი აქცენტი გაკეთდეს ტურისტების დაინტერესებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები