მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დაცულ ტერიტორიებში კერძო სექტორის და სახელმწიფოს მხრიდან ₾200 მლნ-ზე მეტია ინვესტირებული - შამუგია

ოკაცე

"ბოლო წლების განმავლობაში, 200 მილიონ ლარზე მეტია ინფრასტრუქტურის განვითარებაში ინვესტირებული, როგორც კერძო სექტორის, ასევე, სახელმწიფოს მხრიდან", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა, რომელიც მედიატურის ფარგლებში კოლხეთის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა.

მინისტრის თქმით, ბოლო 10 წლის განმავლობაში, ქვეყანაში 30-ზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა, დღეს კი უკვე 100 დაცული ტერიტორია გვაქვს, რომლის ფართობი 900 000 ჰა-ზე მეტია.

"წელს გურიაში დაარსდა ახალი ეროვნული პარკი, აქტიურად ვმუშაობთ რაჭაში არსებული დაცული ტერიტორიის გაფართოებაზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში დაცული ტერიტორიის შექმნაზე. აღნიშნული, პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვისთვის, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის, ამავდროულად, ჩვენს დაცულ ტერიტორიებს აქვთ ძალიან დიდი პოტენციალი ეკოტურისტული მიმართულებით და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სწორად გამოვიყენოთ ეს პოტენციალი", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე განცხადებით, დაცულ ტერიტორიებზე ყოველწლიურად მზარდია ვიზიტორების რაოდენობა.

"მზარდია შემოსავალი როგორც დაცული ტერიტორიების სააგენტოსი, ასევე, რაც მთავარია, იმ ადგილობრივი მოსახლეობის, ვინც ამ პროცესშია ჩართული ტურისტული მომსახურების განვითარების კუთხით. ეს არის ერთ-ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა თემებისთვის, ჩაერთონ მომსახურების პროცესში, სერვისში, მიიღონ შემოსავალი“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით ორთვიან კამპანიას აწარმოებს, რომლის ფარგლებში, საქართველოს აეროპორტებში განთავსებულია ბანერები და საინფორმაციო მასალები გზავნილებით „აღმოაჩინე საქართველოს ბუნება“ და „საქართველო ღვინის სამშობლოა“. ჩამოსული სტუმრები ქვეყანაში შემოსვლისთანავე, საზღვარზე იღებენ ინფორმაციას საქართველოს უნიკალური ბუნების და ქართული ღვინის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს 5 ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობა 18%-ითაა გაზრდილი. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 5 თვეში, ჯამში მათ 153 730 ვიზიტორი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ყველაზე მონახულებად დაცულ ტერიტორიებში შედის:

  • პრომეთეს მღვიმე;
  • მარტვილის კანიონი;
  • სათაფლია;
  • მტირალას ეროვნულ პარკი;
  • წალკის კანიონი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები