საქართველო ბიუჯეტური ტურისტული მიმართულების სტატუსს ეტაპობრივად კარგავს, რაც სფეროს წარმომადგენლების თქმით, ხშირად მომსახურების ხარისხის ზრდას არ უკავშირდება. თუმცა იზრდება სერვისის ფასები.
Galt & Taggart-ის ტურიზმის სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2022 წლამდე საქართველოში ტურისტული სერვისების ინფლაცია საშუალოზე დაბალი იყო, თუმცა შემდეგ წლებში ტენდენცია შეიცვალა და ბაზარზე მკვეთრი გაძვირება დაფიქსირდა.
გაძვირების ტენდენციის ფონზე მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკლებობა კვლავ პრობლემად რჩება, რაც სასტუმრო სექტორს ფასების ოპტიმიზაციის და მოგების დაბალი მარჟით მუშაობის რეჟიმში აქცევს.
იმის გამო, რომ საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკლებობაა, სასტუმროებს არსებულ რეალობაზე მორგება უწევთ. ჰოტელიერ მაია მურაჩაშვილის თქმით, სასტუმრო ნომრის ღირებულების მთავარი მდგენელები გაძვიდა, მაგრამ მაღალი კონკურენციის გამო, ფასს ვერ ზრდიან და მოგების დაბალი მარჟით უწევთ მუშაობა.
“სასტუმროს ნომრის ღირებულების მთავარი მდგენელი რამდენიმე კომპონენტია, ეს არის პირველ რიგში გადასახადები. ვგულისხმობ კომუნალურ გადასახადებს, შუქი, დენი, წყალი, გაზი და ასე შემდეგ. ასევე კომპონენტებს შორის არის ხელფასები და დატვირთულობა.
ხელფასები გაიზარდა. თუ შევადარებთ შარშანწინდელს, ალბათ 100%-ით, თუ შევადარებთ შარშანდელს 50-40%-ით მაინც. შესაბამისად ხელფასი, როდესაც იმატებს, ამას საშემოსავლო, საპენსიო ემატება.
გაზრდილია ფასები კიდევ ერთ-ერთი მდგენელზე, კვების პროდუქტებზე, იმიტომ, რომ გვაქვს საუზმე და ვახშამი, კვების ფასმაც მოიმატა. გაძვირებულია სამრეცხაოს ფასი,
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი რომ გაძვირდა, ჩვენ უკვე ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი გვქონდეს დატვირთულობა, რომ ამ ყველაფრის გადაფარვა შევძლოთ, ამიტომ ხანდახან არასასურველ და არასახარბიელო მორიგებებზე წასვლა გვიწევს იმისთვის, რომ, ყოველდღიური დატვირთულობის კოეფიციენტი გავზარდოთ, რომ ეს ყველაფერი გადავიხადოთ.
2019 წელს დაახლოებით 50/50-ზე ან 60/40-ზე იყო, სადაც 60 იყო გადასახადების წილი, რომელშიც შედის საშემოსავლოც, დღგ-ც და ასე შემდეგ, სახელმწიფო ვალდებულებები და ყველა სხვა დანარჩენი აი ის მდგენელი, რომელიც ჩამოვთვალე და 40% მაინც სუფთა მოგება რჩებოდა. ახლა გამორიცხულია ამ მარჟაზე მუშაობა”, - ამბობს ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი.



























